პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის აზრით, თუკი ივანიშვილი მნიშვნელოვნად აპირებს რაიმეს შეცვლას, აუცილებლად მოუწევს ადამიანების შეცვლაც. იგივე ხალხი, რომელმაც კრიზისი გამოიწვია პარტიაში და ასევე საზოგადოებასთან ურთიერთობაში, საეჭვოა გამოადგეს.
საკითხი, ვისთან ერთად გააგრძელებს ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებასთან აქტიურ ურთიერთობას, რაც ხიბულაში დაიწყო, ჯერჯერობით გაურკვეველია - აცხადებს ექსპერტი.
"ღარიბაშვილის პარლამენტის თავმჯდომარეობა უფრო მოსალოდნელია, ვიდრე ივანიშვილის პრემიერობა.
ანალიტიკოსების დიდი ნაწილი ივანიშვილის პრემიერობაზე ხშირად ლაპარაკობს, თუმცა, ჩემი აზრით, მეეჭვება მას ამ თანამდებობაზე დაბრუნება სურდეს. საქმე ის არის, რომ საზოგადოებას მაინც აქვს იმედი, რომ ის შეიძლება დაბრუნდეს და რაღაც სასწაული მოახდინოს. ივანიშვილისთვის საზოგადოების ეს განწყობა, ვფიქრობ, მომგებიანია. პრემიერობა რომც გადაწყვიტოს, მეეჭვება სასწაულის მოხდენა შეძლოს, შესაბამისად, მასზე ხელს საბოლოოდ ჩაიქნევს ქართველი საზოგადოება.
ვფიქრობ, წინასაარჩევნოდ ამგვარი კონფიგურაციის შეთავაზება: პარლამენტის თავმჯდომარედ ღარიბაშვილი, ივანიშვილი კი პრემიერად, უკიდურეს შემთხვევაში შეიძლება მოხდეს მაშინ, თუ სხვა გზა აღარ ექნება ივანიშვილს", - განუცხადა "კვირის პალიტრას" საყვარელიძემ.