კალაძე ჭავჭავაძეზე აქციის მონაწილეებს შეხვედრას სთავაზობს

კალაძე ჭავჭავაძეზე აქციის მონაწილეებს შეხვედრას სთავაზობს

თბილისის მერია ჭავჭავაძის გამზირზე, შრომის უსაფრთხოების დაცვის მოთხოვნით შეკრებილ აქციის მონაწილეებს ეხმიანება.

პრესამსახურის ინფორმაციით, დედაქალაქის მერი კახა კალაძე მზადაა, უახლოეს დღეებში შეხვდეს აქციის მონაწილეების მიერ შედგენილ რამდენიმეკაციან ჯგუფს, კომპეტენციის ფარგლებში განიხილოს წინადადებები და გააცნოს ის ღონისძიებები, რომელსაც თბილისის მერია შრომის უსაფრთხოების დაცვის კუთხით ახორციელებს.

ცოტა ხნის წინ აქციის მონაწილეები, რომლებიც ჭავჭავაძის 5 ნომერთან 2 მუშის დაღუპვას აპროტესტებენ, პოლიციას დაუპირისპირდნენ.

მათ გზის ორივე ნაწილი დაიკავეს, რაც დაპირისპირების მიზეზი გახდა. სამართალდამცველები ამ წუთებში გზის გათავისუფლებას ცდილობენ.

დემონსტრანტების ნაწილი იმ შენობის ტერიტორიაზე შეიჭრნენ, სადაც მუშები დაიღუპნენ. მათ ტერიტორიის დამცავი ღობე მოშალეს.

აქციის მონაწილეების თქმით, იქ მანამდე დარჩებიან, სანამ მთავრობის წარმომადგენლები არ მივლენ. კერძოდ, ისინი პრემიერმინისტრის, ეკონომიკისა და ჯანდაცვის მინისტრების მისვლას ითხოვენ.

31 მარტს ჭავჭავაძის 5 ნომერში მშენებარე ობიექტზე, სამშენებლო სამუშაოების დროს მიწა ჩამოიშალა და ორი მუშა მოიყოლა. მაშველებმა მიწის მასიდან 25 წლის კაცის ცხედარი მალევე ამოიყვანეს, 8 საათი გაგრძელდა მეორე ცხედრის სამძებრო სამუშაო. ორივე კაცი მიწის რვამეტრიანი მასის ქვეშ იყო მოყოლილი. მიწა სავარაუდოდ იქ ჩამოიშალა, სადაც საძირკველი იყო გაჭრილი. რა გახდა მომხდარის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.

დღეს ცნობილი გახდა, რომ ჭავჭავაძეზე მშენებლობის დამკვეთ კომპანიას საქმიანობის უფლება შეუჩერდა, ორ ქვეკონტრაქტორ კონპანიას კი ჯარიმა დაეკისრა.