„ვლადიმირ ზელენსკის წარმატება , პირველ რიგში , აჩვენებს იმას, რომ უკრაინელი ხალხი დაიღალა ქვეყანაში დამყარებული კორუფციით, ისინი მზად არიან ცვლილებებისთვის და სჭირდებათ რეფორმები“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა “2020 news”-თან განაცხადა.
მისი თქმით, ზელენსკის მოწინააღმდეგეები ცდილობენ, რომ ის რუსეთის პროექტად წარმოაჩინონ.
„რუსეთთან მიმართებაში მე ზელენსკის განცხადებები მოსმენილი მაქვს და მისი პოზიციები სწორია. არ მგონია, მან რუსეთთან მიმართებაში პოლიტიკა შეარბილოს“, - აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.
დეპუტატის შეფასებით, უკრაინაში აცნობიერებენ, რომ ოლიგარქიული მმართველობის შედეგები ქვეყნისთვის დამღუპველია და ზელენსკის ლიდერობაც არჩევნებში ამაზე მიუთითებს.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ყველა პრეცედენტი, რომელიც იქმნება დემოკრატიული გზით ხელისუფლების თუ პირველი პირის ჩანაცვლების. იმედი მაქვს, უკრაინელი ხალხის არჩევანი აისახება მეორე ტურის შემდეგაც, თუმცა საკმაოდ რთული იქნება მეორე ტური და მეორე ტურამდე პერიოდი. ეს მნიშნელოვანი ტენდენციაა ზოგადად რეგიონში, რომ ცვლილებების დროა და დემოკრატიულ ცვლიებებს ხელს ვერავინ შეუშლის“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.