“შემაძრწუნებლად ცინიკური ქვეყანა… ერთი კიტოვანის კომენტარი დამაკლდა”

“შემაძრწუნებლად ცინიკური ქვეყანა… ერთი კიტოვანის კომენტარი დამაკლდა”

31 მარტს ზვიად გამსახურდიას 80 წელი შეუსრულდებოდა, საქართველოს პირველი პრეზიდენტის შესახებ სოციალურ ქსელში არ წყდება მისი განვლილი გზის შეფასება – პოლიტიკური თუ შემოქმედებითი კუთხით. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინათინ ხიდაშელი სოციალურ ქსელში წერს:

“შემაძრწუნებლად ცინიკური ქვეყანა… ერთი კიტოვანის კომენტარი დამაკლდა, სხვა მგონი ყველას პატივისცემა მოვისმინე განდევნილი და მოკლული პირველი პრეზიდენტის მიმართ… რამდენი გულშემატკივარი ყოლია, არადა ქალაქი და სახელმწიფო თავზე დაგვანგრიეს საბჭოურ, კომუნისტურ-ქურდული რევანშის გამო.” – წერს ხიდაშელი “ფეისბუქის” პირად გვერდზე.

ზვიად გამსახურდია დაიბადა თბილისში 1939 წლის 31 მარტს, გამოჩენილი ქართველი მწერლის კონსტანტინე გამსახურდიასა და მირანდა ფალავანდიშვილის ოჯახში.

ზვიად გამსახურდია ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ. მის სახელს უკავშირდება საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა. 1990 წლის 14 ნოემბერს გამართულ პირველ სესიაზე, ახლად არჩეულმა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდია თავმჯდომარედ აირჩია. იმავე სესიაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ქვეყანას „საქართველოს რესპუბლიკა“ უწოდეს და აღადგინეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) სახელმწიფო ატრიბუტიკა – დროშა, გერბი და ჰიმნი. მოგვიანებით, 1991 წლის 9 აპრილს, 1991 წლის 31 მარტის საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე, უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღდგენილად გამოაცხადა.

ზვიად გამსახურდია საქართველოს პრეზიდენტად 1991 წლის გაზაფხულზე აირჩიეს, სამხედრო გადატრიალების შედეგად კი 1992 წლის დასაწყისში იგი ქვეყნიდან განდევნეს.

საქართველოს პირველი პრეზიდენტი 1993 წლის 31 დეკემბერს ხობის რაიონის სოფელ ხიბულაში დაიღუპა.