"ის მიზნად ისახავდა დესტაბილიზაციას რეგიონში" - ამბობს კიევის ნაციონალური პოლიციის შტაბის ხელმძღვანელი ანდრეი კრიშჩენკო ქართველი "კანონიერი ქურდის" ვლადიმერ ძოწენიძის დაკავების შესახებ.
ირკვევა, რომ კრიმინალური "ავტორიტეტი" უკრაინაში რუსეთიდან, ოკუპირებული ტერიტორიის გავლით, ყალბი დოკუმენტაციით ჩავიდა.
40 წლის ვლადიმერ ძოწენიძეს კრიმინალურ წრეებში "ვალერი ქუთაისკის" სახელით იცნობენ. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, ის გეგმავდა შეხვედრებს ქურდული სამყაროს წარმომადგენლებთან გავლენის სფეროების გადანაწილების მიზნით, რაც სამართალდამცავების ინფორმაციით, ქმნიდა დესტაბილიზაციის საფრთხეს.
ქართველი "კანონიერი ქურდი" ქვეყნიდან გააძევეს და მას უკრაინის ტერიტორიაზე შესვლა 5 წლის ვადით აეკრძალა.
აღსანიშნავია, რომ ძოწენიძე საქართველოში 2006 წლიდან იხდიდა სასჯელს, თუმცა 2013 წელს სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან სხვა რამდენიმე "კანონიერ ქურდთან" ერთად ამინისტიის საფუძველზე გათავისუფლდა და რუსეთში გაემგზავრა.
"პრაიმტაიმი"