საპარლამენტო უმრავლესობა ვენეციის კომისიას მიმართავს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შესარჩევ კანონპროექტთან დაკავშირებით მოსაზრებები მეორე მოსმენამდე წარმოადგინონ, რომელიც 19 აპრილს არის ჩანიშნული. ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრებისა და ვენეციის კომისიის დელეგაციის შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, სასამართლოში არის ასეულობით საქმე, რომელთა განხილვაც მოსამართლეების არასაკმარისი რაოდენობის გამო ყოვნდება. ამ გამოწვევის დასაძლევად კი, კანონპროექტის განხილვა არ უნდა გაჭიანურდეს. „სასამართლოში მოსამართლეების საკმარისი რაოდენობა არ გვყავს. ჩვენ დავსვით საკითხი, რომ ეს არის სერიოზული გამოწვევა და ამ გამოწვევაზე საჭიროა დროული რეაგირება. ამიტომ, ვენეცის კომისიასთან საკითხი დაისვა, რომ მეორე მოსმენამდე უნდა მოხდეს მოსაზრებების წარმოდგენა, რათა ჩვენ გონივრულ ვადაში მივიღოთ საბოლოოდ კანონპროექტი. ვენეციის კომისია ყველაფერს გააკეთებს, რომ შესაბამის ვადაში წარმოადგინოს მოსაზრებები“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა. დეპუტატის თქმით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინება რომ მოხდეს, ის შესაბამისობაში უნდა იყოს ევროსაბჭოს ძირითად პრინციპებთან და საქართველოს კონსტიტუციასთან. ცნობისთვის, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის საკითხთან დაკავშირებით პარლამენტი უმრავლესობის 7 წევრის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს განიხილავს. პარლამენტმა „ევროპული საქართველოს“ მიერ მომზადებული კანონპროექტი ჩააგდო. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების ანა დოლიძისა და ნაზი ჯანეზაშვილის საკანონმდებლო წინადადებაზე უარყოფით დასკვნაა გაცემული. ეკა ბესელიას კი, მის მიერ მომზადებული კანონპროექტი განსახილველად ჯერ არ გამოუტანია.