„ოპოზიციურად განწყობილ ზუგდიდში „ოცნებას

„ოპოზიციურად განწყობილ ზუგდიდში „ოცნებას" გამარჯვება გაუჭირდება“

„ზუგდიდის რეგიონს თუ შევხედავთ, მთლიანად ოპოზიციურად არის განწყობილი და, აქედან გამომდინარე, მათ ძალიან გაუჭირდებათ ამ რეგიონში გამარჯვება“, - ასე აფასებს 2019 წლის ზუგდიდის მერის შუალედურ არჩევნებში „ქართული ოცნების“ შანსებს პროფესორი და  „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ დირექტორი კორნელი კაკაჩია.

მისივე შეფასებით,ზუგდიდში ბიძინა ივანიშვილის ზვიად გამსახურდიას იუბილესადმი მიძღვნილი  ვიზიტი შეიძლება დავუკავშიროთ წინასაარჩევნო კამპანიას, რომელიც შეიძლება იყოს გათვლილი „ქართული ოცნების“ რეიტინგის გაძლიერებაზე.

„ქართულ ოცნებას“ სჭირდებოდა რაღაც ახალი სვლა იმისათვის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეების წინააღმდე, რომლებიც საკმაოდ ძლიერები არიან ამ რეგიონში. ბუნებრივია, ამ კონტექსტში უნდა მოვიაზროთ ბიძინა ივანიშვილის ვიზიტი - რომ არ წააგოს პარტიის კანდიდატმა და გააძლიეროს ის დასაყრდენი, რომელიც „ქართულ ოცნებას“ აქვს.

„ძირითადი მიზანი ეს იყო - უთხრან „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს, რომ მათ მიმართ ყურადღება არ შენელებულა და პირიქით, ისინი არიან უპირატეს მდგომარეობაში“, - აცხადებს კაკაჩია.

მისივე თქმით, ამ რეგიონის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი წინა ხელისუფლებისადმი სიმპატიითაა განწყობილი, რადგან ახლანდელმა მათი იმედები გაუცრუა.

„ამ რეგიონში საზოგადოების დიდ ნაწილს მიაჩნია, რომ წინა ხელისუფლებამ ამ კუთხით უფრო ბევრი გააკეთა, მათ შორის ინფრასტრუქტურის და სხვადასხვა ახალი სამუშაო ადგილების თვალსაზრისით, ვიდრე დღევანდელმა და აქედან გამომდინარე, საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი იმედგაცრუებულია „ქართული ოცნების“ მმართველობით. ამიტომ მგონია, რომ მთლიანობაში ეს რეგიონი ვერ გახდება „ქართული ოცნების“ საყრდენი მომავალ საპარლამენტო არჩევნებში“, - აცხადებს კაკაჩია.

მისი შეფასებით, ზუგდიდში მერის შუალედური არჩევნების შედეგებზე საუბარი წინასწარ ძნელია, რადგან „ქართული ოცნების“ ლიდერები და ბიძინა ივანიშვილი ყველაფერს იღონებენ, რომ დამარცხების შანსი მინიმუმამდე დაიყვანონ.

„შედეგებზე წინასწარ რაიმეს თქმა რთულია იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ არ ვიცით რა სახის მობილიზაცია იქნება. წინა საპრეზიდენტო არჩევნებში ქართული ოცნება არც აპირებდა ამდენი რესურსის ჩადებას, მაგრამ შემდეგ ისე განვითარდა მოვლენები, რომ მათ მოუხდათ ფაქტიურად უზარმაზარი როგორც ადმინისტრაციული, ასევე ფინანსური სახსრების მოძიება, რამაც გავლენა იქონია შედეგებზე“, - აცხადება კაკაჩია.

ზუგდიდში მერის რიგგარეშე არჩევნები მიმდინარე წლის 19 მაისს გაიმართება. „ქართულმა ოცნებამ“ მერობის კანდიდატად გიორგი შენგელია დაასახელა, რომლის მთავარი კონკურენტიც „ნაციონალური მოძრაობიდან“ დასახელებული საქართველოს ყოფილი პირველი ლედი, სანდრა რულოვსი იქნება.