საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი და პოლიტიკური ანალიტიკოსი ირაკლი მენაღარიშვილი მიიჩნევს, რომ უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატის ვლადიმირ ზელენსკის განცხადება საქართველოს ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესახებ უბრალო წინასაარჩევნო განცხადებაა, რომელიც ვარაუდებს წარმოშობს და მასზე სერიოზულად საუბარი მოვლენების განვითარებამდე აზრს მოკლებულია.
„ამ თემაზე მხოლოდ სპეკულაციები შეიძლება. რაიმე საფუძველი რაიმე დასკვნის გაკეთებისა, თუ პროგნოზირებისა არ არსებობს. ეს, რა თქმა უნდა, წინასაარჩევნო განცხადებაა. ხოლო როგორ მოიქცევა ბატონი ზელენსკი, თუ მას პრეზიდენტად აირჩევენ, ეს, ასე ვთქვათ, ჯერ საიდუმლოებითაა მოცული. ვნახოთ“, - ამბობს მენაღარიშვილი.
შეგახსენებთ, რომ ზელენსკიმ საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სააკაშვილი სერიოზული კონსულტანტი შეიძლება იყოს უკრაინის მომავალი პრეზიდენტისათვის, რადგან მან შეძლო საქართველოში კორუფციის აღმოფხვრა და ახლაც ევროპაში უკრაინის დემოკრატიას იცავს. მისივე თქმით, სააკაშვილმა შეიძლება მაღალი თანამდებობა მიიღოს უკრაინის ხელისუფლებაში.
„ჩვენ ჩავატარეთ გამოკითხვა და ძალიან ბევრმა ადამიანმა თქვა, რომ ბატონი სააკაშვილი მზადაა უკრაინის ხელისუფლებაში დიდი თანამდებობა დაიკავოს. მე ვფიქრობ, რომ თუკი მას ჩამოართვეს მოქალაქეობა, უნდა დაუბრუნონ კიდეც“, - განაცხადა ზელენსკიმ.
„ასეთი ვარაუდების კომენტირება უფრო ყავაზე მკითხაობას ჰგავს. გულახდილად გითხრათ, სერიოზულად ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია, დაველოდოთ მოვლენებს და შემდგომ გავაკეთოთ დასკვნები“, - აღნიშნა მენაღარიშვილმა.