მურუსიძეზე საუბარი ზედმეტი პატივია... უზნეობასაც აქვს თავისი საზღვარი,

მურუსიძეზე საუბარი ზედმეტი პატივია... უზნეობასაც აქვს თავისი საზღვარი,

„ჩვენ უნდა გვესმოდეს ერთი რამ, რომ მოსამართლისთვის რეპუტაცია - ეს არის მთავარი ამოსავალი წერტილი. ადამიანი, რომელსაც რეპუტაცია არ აქვს და მაინც ეპოტინება რაღაცას, მითუმტეს სასამართლოში, ეს უკვე მორალურ ზღვარს სცილდება,“ - ასე აფასებს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი გადაცემა „პირველებში“ მოსამართლე ლევან მურუსიძის პარასკევის ინტერვიუს „რეზონანსთან“ საუბრისას.

ხუხაშვილის განცხადებით, ამ მოსამართლის შესახებ რაიმე კონკრეტულის თქვა, მურუსიძისთვის ზედმეტად დიდი პატივია და იგი იმედოვნებს, რომ საზოგადოება ამ საკითხზე შესაბამის რეაგირებას მოახდენს.

„ჩვენ არ ვართ ციდან ჩამოფრენილები, მშვენივრად ვიცით მაშინ როგორ მზადდებოდა განაჩენი. სასამართლო სისტემა იყო პროკურატურის დაქვემდებარებაში, პროკურორი ჯდებოდა მოსამართლესთან  ერთად, წინასწარ ეუბნებოდა რა განაჩენი იყო პროკურატურისთვის სასურველი და შესაბამისად იწერებოდა ყველაფერი - ხდებოდა დანაშაულის ან „გათეთრება“, ან „გაშავება“, იქიდან გამომდინარე, რა იყო ხელისუფლების პოლიტიკური შეკვეთა.

„ეს იყო პრობლემა, რაც მშვენივრად იცის მურუსიძემ და თვითონ პარლამენტის თავმჯდომარემაც აღიარა - მაშინ ცუდ საქმეებს აკეთებდა, მაგრამ ახლა კარგ საქმეებს გააკეთებენ სამომავლოდო. ასეთ აბსურდამდე მივიდა ყველაფერი.

„ასე რომ, მურუსიძის კომენტირება და ამ ადამიანზე საუბარი ზედმეტი პატივია, რადგან უზნეობასაც აქვს თავისი საზღვარი. ის გახლდა ყველა მანკიერების სიმბოლო ამ ქვეყანაში და ხელისუფლება ამბობს, რომ ეს მანკიერება სამიდღემჩიოდ უნდა დავამკვიდროს. შესაბამისად მოიქცევა საზოგადოებაც, იმედია,“ - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

ცნობისათვის, გუშინ მოსამართლე ლევან მურუსიძემ „ტვ პირველის“ ეთერში სანდრო გირგვლიანის საქმეზე საუბრისას განაცხადა, რომ გირგვლიანის საქმეზე კანონიერი გადაწყვეტილება მიიღო. ასევე, მისი თქმით, სხვები მის ხარჯზე ცდილობენ დივიდენდები მოიპოვონ.