"გახარია შეხვედრის სანაცვლოდ რამდენიმე პოლიციელის დასჯას მპირდებოდა"

პოეტი ზვიად რატიანი აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია შეხვედრის სანაცვლოდ რამდენიმე პოლიციელის დასჯას ჰპირდებოდა.

ის გამოეხმაურა გახარიას განცხადებას, რომლის მიხედვითაც მინისტრი რატიანის საქმეზე არაფერს ნანობს.

"ის მთხოვდა შეხვედრას, რათა კამერების წინ ეკეკლუცა, და ამ შეხვედრის სანაცვლოდ მპირდებოდა რამდენიმე პოლიციელის დასჯას (რაოდენობაზე შევთანხმდებითო). მე მივუთითე იქ, სადაც მისი და მისნაირების ადგილია. რა მნიშვნელობა აქვს ჩემთვის, პოლიციაში რამდენიმე მოძალადით მეტი იქნება თუ ნაკლები, როცა მინისტრი თვითონ არის კრიმინალი", - განუცხადა "On.ge"-ს რატიანმა.

მისი თქმით, საქმეზე დავას სტრანსბურგში გააგრძელებს თავის იურისტებთან ერთად. ზვიდ რატიანის თქმით, პოლიციელები იდენტურ ჩვენებებს იძლევიან და ამტკიცებენ, რომ მან დაზიანება თავად მიიყენა.

"რაც შეეხება გინებას და კადრებს, მტერსაც არ ვუსურვებ, გადაიტანოს ის, რაც მე გადავიტანე, თორემ ვინ როგორ მოიქცევა და ვის რა სიტყვები ამოასხამს, არავინ იცის", - დასძინა პოეტმა.

"არცერთი წუთით იმაზე რაც მოხდა მაშინ არ ვნანობ. იმიტომ, რომ ჩვენ მოქალაქეები ვართ და ჩვენი პასუხისმგებლობა გვაკისრია ყველგან, ნასვამები ვართ, ქუჩაში ვართ თუ სადა ვართ და რას ვამბობთ იმაზეც", - ასე შეაფასა რამდენიმე დღის წინ გიორგი გახარიამ "ტვ პირველის" ეთერში ზვიად რატიანის საქმე.