„მეორე ტურში პოროშენკო იქნება ერთერთი და მეორე იქნება ან ტიმოშენკო, ან ზელენსკი“

„მეორე ტურში პოროშენკო იქნება ერთერთი და მეორე იქნება ან ტიმოშენკო, ან ზელენსკი“

„მეორე ტური იქნება გარდაუვალი, რადგან ყველა მონაცემებიდან გამომდინარე, რასაც ვნახულობ და რაც ჩემს ხელთაა, ვერცერთი კანდი ვერ შეძლებს ხმების საჭირო რაოდენობის მოგროვებას", - ასეთია ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძის პროგნოზი უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, რომელიც კვირას, 31 მარტს გაიმართება.

მისივე აზრით, მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო მეორე ტურში გადავა.

„არ მგონია, რომ პოროშენკო ვერ გავიდეს. მე უფრო ვფიქრობ, რომ პოროშენკო იქნება ერთერთი და მეორე იქნება ან ტიმოშენკო, ან ზელენსკი", - აცხადებს ანალიტიკოსი.

ძაბირაძის აზრით, ამ არჩევნების საბოლოო შედეგები ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებში მნიშვნელოვან კორექტირებას და ცვლილებებს ვერ შეიტანს.

„ზოგადად, თეორიული ხიფათი არის ის, რომ მოვიდეს პრორუსული განწყობის პრეზიდენტი, მაგრამ პოროშენკომდე იყო პრორუსული განწყობის პრეზიდენტი, რუსეთის მიერ ხელდასმული და მაშინაც კი ქართულ უკრაინული ურთიერთობები არ შეცვლილა, იმიტომ, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვინც არუნდა იყოს, იძულებული იქნება ანგარიში გაუწიოს არსებულ გეოპოლიტიკურ და საერთაშორისო პოლიტიკურ ვითარებას", - განმარტავს ანალიტიკოსი.

მისი შეფასებით, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ვინ იქნება უკრაინის პრეზიდენტი და რამდენად ინტენსიური იქნება ეს ურთიერთობები საქართველოსთან, მაგრამ ისეთ დონეზე, რომ ამ ურთიერთობებში დიდი ნაპრალი გაჩნდეს ამას გამორიცხავს.

ცნობისათვის, ბოლო სოციოლოგიური კვლევებით, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში ვლადიმირ ზელენსკი ლიდერობს 23 %-ით, მეორე ადგილზეა მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო 16.4 %-ით და მესამეზე იულია ტიმოშენკო 15.7%-ით.

პეტრო პოროშენკო და იულია ტიმოშენკო წინასწარ სოციოლოგიურ კვლევებს არ ენდობიან და ორივე მათგანს გამარჯვების იმედი აქვს.