პარტია „კანონი და სამართალი" საზოგადოებრივ მაუწყებელს „პოლიტიკურად მიკერძოებულობასა და რუსული პროპაგანდის გატარებაში" ადანაშაულებს.
როგორც პარტიის წარმომადგენლებმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადეს, საზოგადოებრივი მაუწყებელი უხეშად არღვევს კანონს „მაუწყებლის შესახებ" და იმის ნაცვლად, რომ პოპულარიზაცია გაუწიოს NATO-ს და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის საკითხს, პერიოდულად ახორცილეებს რუსეთის ინტერესებზე მორგებულ საქმიანობას.
ამასთან, პარტიის წარმომადგენლები საზოგადოებრივ მაუწყებელში აუდიტის სამსახურის შესვლას მოითხოვენ, რათა გაირკვეს რეალურად რისთვის იხარჯება მაუწყებლის ბიუჯეტი.
„საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკა უნდა ემთხვეოდეს ხალხის არჩევანს. გამოკითხვებითა და რეფერენდუმებით ხალხმა ევროატლანტიკური სივრცისკენ თავისი არჩევანი დიდი ხანია გააკეთა. ამ დროს, საზოგადოებრივ მაუწყებელზე რა ხდება?! რაღაც პატარა გადაცემა გაკეთდება ევროატლანტიკურ სივრცეს განიხილავენ, მოიწვევენ მოწინააღმდეგესაც და უცებ „ბომბი" - ვლადიმერ ბედუკაძესთან ერთად რუსული სამხედრო რეკლამები გავა, რომ თურმე, რა მაგარია რუსული პენსია.
ამ ყველაფერზე ჩვენ დავიწყეთ გამოძიება. სად არის დამარხული ძაღლის თავი, ცხადია, ვიპოვნეთ იქ, სადაც პრობლემაა. ეს არის ხელისუფლების პოლიტიკურ გარიგებაში შესვლა", - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.