რუხის კლინიკა სულ ერთ კილომეტრშია აფხაზეთთან და ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა აფხაზი ძმებისა და დებისთვის

რუხის კლინიკა სულ ერთ კილომეტრშია აფხაზეთთან და ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა აფხაზი ძმებისა და დებისთვის

განცხადება ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა, ზუგდიდში, სოფელ რუხში მრავალპროფილური კლინიკის მშენებელობის პროცესში, უკვე შესრულებული სამუშაოების ხარისხის შემოწმების შემდეგ გააკეთა. ცქიტიშვილის განცხადებით ეს არის კარგი შესაძლებლობა აფხაზი დებისა და ძმებისთვის, რომ ისარგებლონ ყველა იმ სერვისით, რასაც საქართველოს მთავრობა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში საკუთარ მოსახლეობას სთავაზობს.

მინისტრის ინფორმაციით, მრავალპროფილური კლინიკის მშენებლობა დაახლოებით ერთ თვეში დასრულდება, რის შემდეგაც ობიექტი აღჭურვისა და ექსპლუატაციისთვის დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გადაეცემა. საუნივერსიტეტო საავადმყოფო 220 ადგილზეა გათვლილი. პარალელურად, სამედიცინო პროფილის სტუდენტებისა და რეზიდენტებისთვის კლინიკის ტერიტორიაზე აუდიტორიები და ბიბლიოთეკა, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურა, აუზები და სკვერები მოეწყობა.

„საპროექტო დოკუმენტაციაში და მშენებლობის პროცესშიც იყო პრობლემები, მაგრამ უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მალე ობიექტი იმ მდგომარეობაში იქნება, რომ შევძლებთ ჯანდაცვის სამინისტროს გადავცეთ. ეს კლინიკა სულ ერთ კილომეტრშია აფხაზეთთან და მჯერა, რომ ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა აფხაზი დებისა და ძმებისთვის, რათა ისარგებლონ ყველა იმ სერვისით, რასაც ჩვენი მთავრობა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში საქართველოს მოსახლეობას სთავაზობს,“ – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.