ამის შესახებ „ტრადიციონალისტთა კავშირის“ თავმჯდომარემ, აკაკი ასათიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა, სადაც განხილვის თემა პირველი პრეზიდენტის საქმე იყო. აკაკი ასათიანმა აღნიშნული განცხადებით უპასუხა წამყვანი შეკითხვას – რატომ ვერ მოხერხდა დღემდე პირველი პრეზიდენტის გარდაცვალების გარემოებების დადგენა.
აკაკი ასათიანის განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობა” მისი წინამორბედის მემკვიდრე იყო და მის ინტერესებში ისევე არ შედიოდა ქვეყნის პირველი პრეზიდენტის მკვლელობის საქმის გამოძიება, როგორც მეორე პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის ინტერესებში. ასათიანის თქმით, ედუარდ შევარდნაძის მმართველობის პერიოდში ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმის გამოძიება იმიტომ არ მოხდა, რომ ისინი თავის თავზე არ გამოიძიებდნენ საქმეს.
„ზვიადი იყო კაცი, რომელმაც ყველაფერზე უარი თქვა. მას ნებისმიერი რაღაც შეეძლო, ხომ. ლაპარაკი არ არის მეცნიერულ კარიერაზე, ან რამე თანამდებობრივზე. ვიცით, ვისი შვილი იყო და სხვა თუ არაფერი, მამამისის სახელიც გამოადგებოდა და თვითონაც უაღრესად განათლებული კაცი იყო. შევარდნაძე კი იყო კაცი, რომელმაც თავი კარიერას შესწირა. მათ შორის უპრინციპულესი განსხვავება იყო. იმას ჰქონდა რწმენა სამშობლოს, ღვთის, რაღაც იდეალების, ამას კი ერთადერთი, ძალაუფლების რწმენა ჰქონდა, რისი ოსტატიც იყო და აბა, როგორ გამოიძიებდა ზვიადის საქმეს. თავის თავზე გამოიძიებდნენ, თუ როგორ იქნებოდა ეს ამბავი“, – განაცხადა აკაკი ასათიანმა.
„ტრადიციონალისტთა კავშირის“ თავმჯდომარე მმართველი პარტიის “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მიერ გამსახურდიას მკვლელობასთან დაკავშრებით გამოქვეყნებულ წერილსაც გამოეხმაურა. აკაკი ასათიანის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილმა კარგი წერილი გამოაქვეყნა, სადაც ის ამბობს, რომ ქვეყნისთვის ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოუძიებლობა სირცხვილია, მაგრამ რეალურად, დღემდე ასევე გამოუძიებელია აშშ-ის პრეზიდენტის, კენედის მკვლელობის საქმეც და ზოგადად, ასეთი ტიპის მკვლელობები, ყოველთვის მითოლოგიური ბურუსით არის ხოლმე მოცული.