„იძულებული გამხადეს მოჭიდავის კარიერაზე უარი ვთქვა“

„იძულებული გამხადეს მოჭიდავის კარიერაზე უარი ვთქვა“

ქართველი მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი საქართველოს ჩემპიონატზე ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტთან, გეგა გეგეშიძესთან მომხდარ კონფლიქტს და ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდიუმის სხდომას ეხმიანება.

დათუნაშვილის თქმით, 23 თებერვალს გამართულ პრეზიდიუმის სხდომაზე განაცხადა, რომ მისთვის სხვა ქვეყნის სახელით ასპარეზობის უფლება მიეცათ, თუმცა როგორც თავად აცხადებს, ჭიდაობის ფედერაციისგან უარი მიიღო.

"პრეზიდიუმის წევრებს ვუთხარი, რომ თუკი ისინი არ აპირებენ გეგა გეგეშიძისთვის უფლებამოსილების შეჩერებას, მაშინ ჩემთვის მოეცათ სხვა ქვეყნის სახელით ასპარეზობის უფლება, რადგან სპორტული კარიერა შემენარჩუნებინა. ამაზე მათგან მივიღე პასუხი, რომ ეს მარტო მათი კომპეტენცია არაა და სპორტის სამინისტრომ, ოლიმპიურმა კომიტეტმა და პარლამენტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და რომ ამაზე აღნიშნულ უწყებებთან ერთად იმსჯელებდნენ, რისთვისაც გარკვეული დრო ითხოვეს"

არ ვიცი, მოხდა თუ არა რომელიმე უწყებაში ამ საკითხზე მსჯელობა, თუმცა ჭიდაობის ფედერაციისგან მივიღე პასუხი რომ სხვა ქვეყნის სახელით ასპარეზობის უფლება არ მომეცემა. ამის თვითნებურად გაკეთების შემთხვევაში კი დავისჯები ორწლიანი დისკვალიფიკაციით და ამ ხნის განმავლობაში ჭიდაობის უფლება აღარ მომეცემა", - ამბობს დათუნაშვილი.

როგორც დათუნაშვილი აცხადებს, კარიერის გასაგრძელებლად ერთადერთი გზა რჩება, რომ არსებული ვითარება, ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანებას და საერთაშორისო ოლიმპირ კომიტეტს აცნობოს.

"იძულებული გამხადეს მოჭიდავის კარიერაზე უარი ვთქვა, თუმცა რადგან ჩემი ცხოვრება მთლიანად სპორტთან არის დაკავშირებული და სხვა საქმიანობით არც არასდროს ვყოფილვარ დაკავებული, კარიერის გასაგრძელებლად მრჩება ერთადერთი გზა - ჩემი პრობლემის შესახებ ვაცნობო ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანებასა და საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს, მივაწოდო იმის არგუმენტები, რომ ხდება ჩემი მიზანმიმართული დაჩაგვრა, რათა ჩემ მიმართ არ გამოიყენონ ზემოთ ნახსენები სანქცია.

ამასთან, იძულებული ვარ უახლოეს პერიოდში ქვეყნიდანაც წავიდე. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ბრძოლა შევწყვიტე. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემი სიმართლეა და სადაც არ უნდა ვიყო და რასაც არ უნდა ვაკეთებდე, ყოველთვის გავაგრძელებ ფედერაციის დღევანდელ ხელმძღვანელებასთან ბრძოლას, რომელმაც შექმნა არაჯანსაღი კონკურენტული გარემო და ფედერაცია აქცია კორუფციისა და ნეპოტიზმის ბუდედ", - წერს დათუნაშვილი ფეისბუქზე.