მირიან მჟავანაძის მიზანი ,,იუთუბზე” ბევრი ,,ლაიქის” დაგროვება იყო

მირიან მჟავანაძის მიზანი ,,იუთუბზე” ბევრი ,,ლაიქის” დაგროვება იყო

მირიან მჟავანაძეს კადრების ატვირთვით ,,იუთუბზე” კომენტარებისა და ,,ლაიქების” დაგროვება უნდოდა და მისი ქმედება მიზნად  ვიღაცისთვის ზიანის მიყენებას არ ისახავდა – ამის შესახებ „ პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერის  ატვირთვის ბრალდებით აჭარაში დაკავებულის ადვოკატმა, ლევან დავითაიამ განუცხადა.

„მისი დაკავება ბათუმში მოხდა. ის მის ქმედებას აღიარებს. აცხადებს, რომ არ იცოდა ამ ქმედების დანაშაულებრივობა. განმსაზღვრელია მისი ასაკიც, 18 წლისაა და შესაძლოა, მართლაც, ვერ აცნობიერებდა მის ქმედებას. თუმცა, მეორე ფაქტობრივი გარემოებაცაა, ვფიქრობ, გამოძიება არასწორი მიმართულებით მიდის, რადგან პირი, რომელსაც უშუალოდ აქვს ეს კადრები და ავრცელებს, არც დადგენილია და არც დაკავებულია. ის კონკრეტულ ადრესატებთან აგზავნის ამ შეტყობინებას და მათი დაკავება ხდება”, – განაცხადა დავითაიამ.

პროკურატურა 5000 ლარიანი გირაოს შეფარდებას მოითხოვს

“პროკურატურა ითხოვს გირაოს, საკმაოდ მაღალ თანხას, რასაც სასამართლოში დავუპირისპირდებით და მოვითხოვთ, ეს თანხა მინიმალურზე იყოს დაწეული, ან საერთოდ გირაოს გარეშე იყოს ის გათავისუფლებული. საერთოდ, გირაოს თანხა ოჯახის მატერიალური მდგომარეობიდან გამომდინარე დგინდება. პროკურატურას ბრალდებულის მატერიალური მდგომარეობა საერთოდ არ აქვს შესწავლილი. ეს პირი აბიტურიენტია, წელს აბარებს. გარდა ამისა, მისი ქმედება მიზნად ვიღაცისთვის ზიანის მიყენებას არ ისახავდა”