ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია სოციალურ მუშაკებს მხარდაჭერას უცხადებს, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე ბარკალაიამ აღნიშნა, რომ სოციალური მუშაკების როლი მისთვის კარგად ცნობილია, რადგან ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობის დაკავებამდე, ის სწორედ მათი კოლეგა იყო.
„მე მინდა პირადად ჩემი პატივისცემა დავაფიქსირო სოციალური მუშაკების მიმართ. ბევრი მათთაგანი ჩემთვის პარტნორი იყო მანამდე, ვიდრე მე მინისტრის მოადგილის პოსტზე დავინიშნებოდი და დიდი პატივისცემით ვარ თითოეული თქვენთაგანისადმი. მე ძალიან კარგად ვაცნობიერებ რას აკეთებს სოციალური მუშაკი და რა როლი აქვს. ძალიან მნიშვნელოვანი როლია თქვენი ამაში და მნიშვნელოვანია თუ რა საჭიროებები აქვს სოციალურ მუშაკს იმისთვის, რომ მან თავისი მოვალეობა კარგად შეასრულოს.
მანამდეც და ახლაც, თქვენი დიდი გულშემატკივარი ვიყავი, ვრჩები და მომავალშიც გავაგრძელებ შესაბამის დამოკიდებულებას და ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ სოციალური მუშაობა საქართველოში იყოს ერთ-ერთი ყველაზე დაფასებული პროფესია“, – განაცხადა ბარკალაიამ.