“როგორც გპირდებოდით, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 1-ლი აპრილიდან ამოქმედდება საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი, რომელიც გამიზნულია მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერისთვის.”– ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია სოციალურ ქსელში ავრცელებს.
“ეს არის მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესის იმ ნაწილს, რომელსაც არ აქვს საკმარისი ქონება სესხის აღების დროს ბანკში ჩასადებად, სახელმწიფო დაუდგება გარანტორად, რომ კომპანიამ აიღოს სესხი და განახორციელოს ბიზნესპროექტი.
სესხები შეიძლება გაიცეს 50 000 ლარიდან 2 მილიონ ლარამდე. გარანტიის დაფარვის დონე ინდივიდუალურ სესხზე 70% იქნება, სქემის ფარგლებში გარანტიით უზრუნველყოფილი სესხების მთლიანი პორტფელის 15%-ის ფარგლებში.
საკრედიტო-საგარანტიო სქემის ბენეფიციარი შეიძლება იყოს ყველა ის მეწარმე-სუბიექტი, რომლის საშუალო ბრუნვა ბოლო 3 წლის განმავლობაში არ აღემატება 20 000 000 (ოც მილიონ) ლარს, ხოლო სასესხო ვალდებულებები 8 000 000 (რვა მილიონ) ლარს. საგარანტიო თანხების განთავსება მოხდება კომერციულ ბანკებში გახსნილ სადეპოზიტო ანგარიშზე.”– ნათქვამია ინფორმაციაში.