შპს “ჯაბა კრედიტი” ფინანსური კრიზისის წინაშე დგას. კომპანია, რომელსაც 500-მდე მეანაბრე ჰყავს, ამ ეტაპზე ვალდებულებებს ვერ ასრულებს. უკვე ერთი კვირაა, რაც შპს “ჯაბა კრედიტი” მეანაბრეებს ვერც ჩადებული თანხის პროცენტს და ვერც სრულ თანხას ვერ უბრუნებს.
შესაძლოა თუ არა მეანაბრეებმა სარგებლის მიზნით “ჯაბა კრედიტში” ჩადებული სოლიდური თანხები უკან ვეღარ დაიბრუნონ? – “პრაიმტაიმი”კომპანიას ოფიციალურ გვერდზე მითითებულ სატელეფონო ნომერზე დაუკავშირდა. იქ ადასტურებენ, რომ ფინანსური პრობლემის წინაშე დგანან და უკვე ერთი კვირაა, რაც შეფერხება ფიქსირდება.
“დროებით არის შეჩერებული სარგებლის (პროცენტის) გაცემა. ერთი კვირაა, რაც ეს შეფერხება ფიქსირდება. ყველას ერთდროულად სურს ჩვენთან ჩადებული სრული თანხის უკან გატანა. ამ ეტაპზე კომპანია თანხების მობილიზაციას ახდენს. სავარაუდოდ, შევთანხმდებით გრაფიკზე და ჩადებული თანხების გატანა სწორედ გრაფიკით გაიწერება”,- განაცხადეს “ჯაბა კრედიტის” ქოლ ცენტრში.
კომპანიაში ასევე განმარტავენ, რომ ფინანსურ პრობლემები მას შემდეგ შეექმნათ, რაც ეროვნული ბანკის რეგულაციები ამოქმედდა. ახალი რეგულაციებით კი შპს-ს ებს სესხების გაცემა მხოლოდ 20-მდე ფიზიკური პირისთვის შეუძლიათ. მას შემდეგ, რაც შპს “ჯაბა კრედიტს” სესხების გაცემა შეეზღუდა, მისი შემოსავლები შემცირდა.
საჯარო რეესტრის მონაცემებით, შპს” ჯაბა კრედიტის” დირექტორი ზანდა გოგოლაძეა. 100%-იანი წილის მფლობელი კი მისი არასრულწლოვანი შვილი ჯაბა ბოლოთაშვილია.
“პრაიმტაიმი” დაინტერესდა, შესაძლოა თუ არა მეანაბრეებს თანხის დაბრუნების დროს შეექმნათ პრობლემა, იმის გამო, რომ კომპანიის 100%- იანი წილის მფლობელი არასრულწლოვანია.
ირკვევა, რომ ეს საკითხი სამართლებრივად პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან სამართლებრივი დავის შემთხვევაში მოპასუხე მხარის ვალდებულებებს არასრულწლოვანის მეურვე იღებს.