ჩუღურეთის რაიონში, სულიაშვილის N8-ში მდებარე ავარიული შენობის კაპიტალური გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, მონოლითური რკინა-ბეტონით სახლის საძირკვლისა და კედლების გამაგრება, ლითონის კუთხოვანებით ფანჯრებისა და კარების ღიობების მოჩარჩოება ხდება. მიმდინარე სამუშაოები ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას პროექტის დეტალები გააცნო. „სულიაშვილის N8-ში მდებარე თბილისური ტიპის ულამაზესი სახლი, სადაც ხუთი ოჯახი ცხოვრობს, ავარიულ მდგომაროებაში იყო. პროექტის ფარგლებში, შენობის კაპიტალური გამაგრება მოხდება, რომლის დასრულების შემდეგაც, ჩუღურეთის რაიონს კიდევ ერთი, თბილისური ტიპის იერსახის სახლი შეუნარჩუნდება“, - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ. სამუშაოებს ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია ასრულებს. პროექტის ღირებულება 171 000 ლარია. პროექტი „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში ხორციელდება. მიმდინარე წელს ჩუღურეთის რაიონში თბილისური ტიპის სამი საცხოვრებელი სახლი კაპიტალურად გამაგრდა, ხოლო ხუთ მისამართზე გამაგრების სამუშაოები ამ დროისთვის მიმდინარეობს.