კიბერდანაშაული კომპლექსური ტიპის დანაშაულია, რასთან გამკლავება განვითარებულ ქვეყნებსაც უჭირთ

კიბერდანაშაული კომპლექსური ტიპის დანაშაულია, რასთან გამკლავება განვითარებულ ქვეყნებსაც უჭირთ

ჩემთვის ძალიან მძიმეა იმის მოსმენა, რომ საქართველოში კიდევ ერთხელ დაფიქსირდა პირადი ცხოვრების ამსახველი ფაქტის გავრცელება ინტერნეტსივრცეში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დეპუტატის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, შსს-ს უკვე ჰყავს ეჭვმიტანილი.

„მინდა აღვნიშნო, რომ საზოგადოებისგან ამ ყველაფერს მოჰყვა ძალიან მაღალი მოქალაქეობრივი შეგნებით გამოწვეული ნაბიჯების გადადგმა. მყისიერდა მოხდა სამართალდაცავთა ინფორმირება, რომ ასეთ ფაქტს ჰქონდა ადგილი. იცით, რომ შსს-ს ჰყავს უკვე ეჭვმიტანილიც. აქტიურად მუშაობენ, რომ გამოვლინდეს სხვებიც,“ - აცხადებს მამუკა ბახტაძე.

მისი განმარტებით, კიბერდანაშაული კომპლექსური ტიპის დანაშაულია, რასთან გამკლავება განვითარებულ ქვეყნებსაც უჭირთ.

„ზოგადად, კიბერდანაშაული ძალიან კომპლექსური ტიპის დანაშაულია. ეს 21-ე საუკუნეში გამოწვევაა ყველაზე ძლიერი ქვეყნებისთვისაც კი. აქედან გამომდინარე, ერთის მხრივ, ძალიან მძიმეა იმ ყველაფრის მოსმენა, რომ კიდევ ჰქონდა ასეთ ფაქტს ადგილი საქართველოში. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ამ მიმართულებით საჭიროა დამატებითი რესურსები, დამატებითი ინფრასტრუქტურა, ვინაიდან კიბერდანაშაული თავისი შინაარსით არის ძალიან რთული ტიპის დანაშაული. მასთან ბრძოლა ძალიან რთულია. ყველაზე განვითარებულ ქვეყნებსაც კი უჭირთ ეს.

აქედან გამომდინარე, ჩემი შეფასებაა, რომ ეს არის ძალიან მძიმე დანაშაული. ვისურვებდი, საქართველოში არასდროს აღარ დაფიქსირდეს მსგავსი ფაქტი, “ - აცხადებს პრემიერ-მინისტრი.