შესაძლებელია იყოს უკმარისობა საზოგადოებაში, მაგრამ სახელმწიფო ინტერესები უფრო მნიშვნელოვანია, - ასე აფასებს ექსპერტი მამუკა არეშიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2018 წლის ანგარიშსს, რომელიც უწყებამ პარლამენტს გადაუგზავნა. როგორც არეშიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, არსებობს საკითხები, რომლის დეტალიზირება სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე მიზანშეწონილი არ არის.
მამუკა არეშიძემ სუს-ის 2018 წლის ანგარიშის იმ ნაწილზეც ისაუბრა, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოში „დაეშის“ გავლენა შემცირდა, თუმცა „ისლამური სახელმწიფოს“ იდეების მხარდამჭერმა პირებმა შესაძლოა, ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერების დავალებით იმოქმედონ. მამუკა არეშიძის იზიარებს სუს-ის ანგარიშს და ამბობს, რომ დღეს „დაეში“ არამარტო საქართველოში, არამედ კავკასიაშიც აღარ არის ძლიერი და ახლა მთავარი საფრთხე მოდის იმ ორგანიზაციებისგან, რომლებიც იდეოლოგიურად მუშაობენ.
„ისლამისტურ მოძრაობაში დღეს უკვე აღარ არის მთავარი „დაეში“. სალაფიტურ მოძრაობას აქვს თავისი პერიოდული ფესვები კაკვასიის რეგიონში, მათ შორის საქართველოში, მაგრამ ისეთი ძლიერი, როგორიც იყო ადრე, ის აღარ არის, თუმცა ნაშთი დარჩა და ღრმა კონსპირაციის რეჟიმში არიან. „დაიშის“ ხელწერა არის ტერაქტი, მაგრამ არსებობს სხვა ისლამისტური ჯგუფები, მათ შორის საქართველოში, რომელთა ხელწერა არის იდეოლოგიური მუშაობა და ეს არის „მუსლიმი ძმები“, რომელიც ძალიან პოპულარულია ახლო აღმოსავლეთში და უნდა ითქვას, რომ თურქეთში ისინი თავისუფლად გრძნობენ თავს. „მუსლიმი ძმები“ მთელ კავკასიაში არიან, მათ შორის საქართველოშიც და ევროპაშიც. მათი ხელწერა არის იდეოლოგიური მუშაობა, მომხრეების მოზიდვა, არამუსულმანი ახალგაზრდების დამუშავება და მათი გადმობირება.ისინი ინტერნეტსივრცეში არიან ძალიან აქტიურები, არაერთი საიტია მათ შორის ქართულ ენაზე ისლამისტური. ორი მიმართულებით არსებობს ხიფათის ფაქტორი: 1. ტერორისტული აქტები და ძალისმიერი მეთოდები, რომელიც ახასიათებს ისლამისტურ ხალიფატს და ამის ალბათობა შედარებით დაბალია, ვიდრე იყო რამდენიმე თვის წინ. 2. იდეოლოგიურ მუშაობა, რომლის აქტორის ხარისხიც ძალიან მაღალია“, - განაცხადა არეშიძემ.
მამუკა არეშიძემ ანგარიშის ის ნაწილიც შეაფასა, სადაც რუსული სამხედრო ძალების მხრიდან ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიების ფარული ოპერაციების ჩასატარებლად გამოყენების მცდელობებს ჰქონდა ადგილი. ექსპერტის შეფასებით, ანგარიშის აღნიშნული ნაწილიც გარკვეულ კითხვებს ტოვებს, თუმცა ამ შემთხვევაში შესაძლოა, ეს გამართლებულიც იყოს.
„როდესაც ამას კითხულობს რიგითი მოქალაქე ბუნებრივია, მას უჩნდება კითხვა, თუ რა ტიპის საფრთხეზე არის ლაპარაკი და აქედან გამომდინარე, მეტს ითხოვს. მეორე მხრივ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე „ზოგჯერ თქმა სჯობს არათქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების“. შესაძლებელია იყოს უკმარისობა საზოგადოებაში, მაგრამ სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესები უფრო მნიშვნელოვანია. შესაძლებელია საუბარი იყოს პროვოკაციებზე - ქართველი მხარის პროვოკაციებზე წამოგებაზე საპასუხო რეაგირების მიზნით. ეს რომ დაეკონკრეტებინა, მაშინ უნდა ეთქვა სად, როგორ და ა.შ. მათ მიერ ნათქვამი მასალიდან, რომელიც საჯარო გახდებოდა მეორე მხარე, მოწინაღმდეგე მხარე გაიგებდა სად არის სუსტი ადგილი, სად მოქმედებს უფრო აქტიურად და უფრო პროდუქტიულად ქართული მხარე. გეოგრაფიის დასახელება ასეთ სიტუაციებში ყოველთვის არ არის გამართლებული,“ - განაცხადა მამუკა არეშიძემ.