მოვითხოვ, რომ შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს ჰქონდეს ადეკვატური და სწრაფი რეაქცია

მოვითხოვ, რომ შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს ჰქონდეს ადეკვატური და სწრაფი რეაქცია

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი "ქართული ოცნების" ყოფილი და მოქმედი წევრების მიერ ერთმანეთის მიმართ გაკეთებულ შეურაცხმყოფელ განცხადებებს და საჯარო დაპირისპირებას არასწორს უწოდებს. როგორც სესიაშვილმა აღნიშნა, ის ამ თემების კომენტირებისგან ყოველთვის თავს შეიკავებს.

"მინდა ყველას ვუთხრა, მართლაც არ მსიამოვნებს ის პროცესი, როდესაც გუნდის ყოფილ წევრებსა და ჩემს კოლეგებს შორის ხდება ასეთი საჯარო დაპირისპირება, განსაკუთრებით იმ თემებზე, სადაც ჩვენ ერთად ვსაქმიანობდით. მე ამ თემებზე კომენტარისგან ყოველთვის თავს შევიკავებ", - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

ამასთან, ირაკლი სესიაშვილმა პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული კადრების გავრცელების შესახებაც ისაუბრა.

„ფარული ჩანაწერები ჩვენი ხელისუფლებისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის და თითოეული მოქალაქისთვის აბსოლუტურად მიუღებელია. ეს არის უმსგავსო, ძალიან მძიმე საქციელი, რომელიც კანონით ისჯება. სოლიდარული ვარ მათ მიმართ, ვისი პირადი ცხოვრების შელახვაც ხდება. ასევე, უმკაცრესი ვარ და მოვითხოვ, რომ ყველა შესაბამის სამართალდამცავ ორგანოს ჰქონდეს ადეკვატური და სწრაფი რეაქცია", - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.