სუს-ის უფროსი ვახტანგ გომელაური მიდის, მას ალექსანდრე ხოჯევანიშვილი შეცვლის

სუს-ის უფროსი ვახტანგ გომელაური მიდის, მას ალექსანდრე ხოჯევანიშვილი შეცვლის

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის სავარძელს უახლოეს მომავალში ალექსანდრე ხოჯევანიშვილი დაიკავებს.

როგორც "2020NEWS"-თვის ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, ვახტანგ გომელაურს გიორგი გახარიას უახლოესი გარემოცვის წევრი შეცვლის, რომელიც სუსში ცოტა ხნის წინ სწორედ გომელაურის მოადგილედ დაინიშნა.

ინფორმირებული წყაროს ცნობით, აღნიშნული ცვლილება უკვე შეთანხმებულია ქვეყნის ფაქტობრივ მმართველთან, ბიძინა ივანიშვილთან.

როგორც ცნობილია, გომელაურის უწყებაში მიმდინარე წლის იანვარში მორიგი საკანონმდებლო ცვლილება განხორციელდა, რა დროსაც ალექსანდრე ხოჯევანიშვილი შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის თანამდებობიდან სუსის უფროსის მოადგილედ დაინიშნა. ხოჯევანიშვილი შს მინისტრის, გიორგი გახარიას კადრია. ხოჯევანიშვილს ძალოვან უწყებებში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს.

იგი ნაციონალური მოძრაობის დროსაც შს და თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინისანი იყო. 2004-2005 წლებში, მაშინ როდესაც შს და უშიშროების სამინისტროები გაერთიანდა, მაშინდელი შს მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მოადგილის თანაშემწედ მუშაობდა. 2005-2006 წლებში იყო კონტრდაზვერვის დეპარტამენტში საშუალო რგოლის მენეჯერის პოზიციაზე. 2006 წლიდან საქმიანობა გააგრძელა თავდაცვის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, 2009-2010 წელს კი ეკონომიკის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში ხელმძღვანელ პოზიციებზე. ხოჯევანიშვილმა 2010-2012 წლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ “საწარმოთა მართვის სააგენტოს” თავმჯდომარედ, ხოლო 2012-2014 წლებში ს.ს. სოფლის მეურნეობის კორპორაციის დირექტორად გააგრძელა საქმიანობა. 2014-2017 წლებში მან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ იმსახურა. 2017 წლის ნოემბრიდან 2019 წლის იანვრამდე კი შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას ხელმძღვანელობდა.

ჯერჯერობით უცნობია, სად გადაიყვანენ ვახტანგ გომელაურს, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად, 2015 წლის 22 ივლისს 6 წლის ვადით იქნა არჩეული საქართველოს პარლამენტის მიერ.