პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე სახალხო დამცველის 2018 წლის რეკომენდაციების შესრულების ანგარიში მოისმინეს.
სახალხო დამცველმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ იუსტიციის სამინისტროს პენიტენციურმა სამსახურმა რეკომენდაციების უმეტესი ნაწილი შეასრულა. საგულისხმოა, რომ რეკომენდაციების დარჩენილი ნაწილი შესრულების პროცესშია. სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით მოხსენება კომიტეტს იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, მიხეილ სარჯველაძემ წარუდგინა. სახალხო დამცველმა ასევე, დადებითად შეაფასა „პენიტენციური და დანაშაულის პრევენციის სისტემების განვითარების სტრატეგიისა და 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის" ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები.
ნინო ლომჯარიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სტრატეგია ყველა იმ რეკომენდაციასა და საერთაშორისო სტანდარტს ითვალისწინებს, რომელიც ხელს შეუწყობს თანამედროვე, საერთაშორისო და ევროპულ სტანდარტებზე ორიენტირებული პენიტენციური სისტემის განვითარებას. საუბარია „პენიტენციური და დანაშაულის პრევენციის სისტემების განვითარების სტრატეგიისა და 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმაზე", რომელიც საქართველოს იუსტიციის მინისტრმა მიმდინარე წლის 22 თებერვალს N385 ბრძანებით დაამტკიცა.
ახალი სტრატეგია და 2019-2020 წლების გეგმა მიზნად ისახავს ეფექტიანი და ეფექტური პენიტენციური და დანაშაულის პრევენციის სისტემების არსებობას. სტრატეგიული დოკუმენტის პრიორიტეტულ მიმართულებებს წარმოადგენს ახალი, მცირე ზომის დაწესებულებების მშენებლობა, არსებული დაწესებულებების გაუმჯობესება უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და რეაბილიტაციის მიმართულებით მოქმედი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. დოკუმენტი მოიცავს პენიტენციურ სისტემაში ეფექტიანი რეაბილიტაციისა და რეინტეგრაციის პროცესის უზრუნველყოფას; დაწესებულებებში უსაფრთხო და დაცული გარემოს შექმნას; ბრალდებულების, მსჯავრდებულების, სტუმრებისა და თანამშრომლების უფლებების დაცვას; სისტემაში ჯანსაღი გარემოს შექმნას; სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებასა და ყველა სათანადო კანონთან, რეგულაციასა და საერთაშორისო სტანდარტთან შესაბამისობას; სისტემის მენეჯმენტისა და ორგანიზაციული შესაძლებლობების განვითარებას. პენიტენციური სისტემის განვითარება იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. სამინისტროს მიდგომაა ისეთი რეფორმის გატარება, რომელიც სასჯელის აღსრულების ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს დააკმაყოფილებს; ამასთან, მიმართული იქნება თავისუფლებააღკვეთილ პირთა უფლებებისა და ღირსების დაცვისკენ. სწორედ ამისთვის, სისტემაში უკვე დაიწყო რეფორმები ინფრასტრუქტურის, თანამშრომელთა და თავისუფლებააღკვეთილ პირთა უფლებების დაცვის გაძლიერების კუთხით.
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო აგრძელებს დასახული სტრატეგიული მიზნების განსახორციელებლად ძალისხმევის გაძლიერებას; ამ მიზნების მიღწევისთვის სათანადო, დეტალურად გაწერილი ღონისძიებების გატარებას. ამ პროცესში კი სამინისტრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სახალხო დამცველისა და პარტნიორი საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაციების მიერ შემუშავებული რეკომენდაციების გაზიარებას.