ნოემბრიდან ევროსაბჭოს პრეზიდენტი ქვეყანა საქართველო გახდება, ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.
„ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი თარიღია. ამას ემთხვევა ისიც, რომ წელს საქართველოს ევროსაბჭოს პრეზიდენტობა უწევს. ეს ძალიან იშვიათი შემთხვევაა, რადგან ევროსაბჭოს 48 წევრი ქვეყანა ჰყავს და თითოეული მათგანი ევროსაბჭოს რიგითობით თავმჯდომარეობს. საქართველოს პრეზიდენტობის პერიოდი ნოემბრიდან დაიწყება. ეს ისეთი შესაძლებლობაა, რისი უფლებაც ჩვენს ქვეყანას ათწლეულებში ერთხელ ეძლევა. კიდევ უფრო აქტიური წელი გველოდება, რადგან ქვეყანას შანსი აქვს, ამხელა საერთაშორისო ორგანიზაციის პრეზიდენტი იყოს. ჩვენი სურვილია, ეს შესაძლებლობა ქვეყნის ინტერესებისთვის გამოვიყენოთ“, – აცხადებს თამარ ჩუგოშვილი.