“ვაი, როგორ მენანება ყოველი წუთი, რომელიც თქვენს გვერდით გავატარე…”

“ვაი, როგორ მენანება ყოველი წუთი, რომელიც თქვენს გვერდით გავატარე…”

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ თანაგუნდელების მიმართ ეკა ბესელიას შესახებ მესიჯი, შეცდომით თავად ეკა ბესელიას გაუგზავნა. ამის შესახებ ბესელიამ ტელეკომპანია “პირველის“ გადაცემაში “დღის ამბები” განაცხადა.

“ბედის ირონიაა, მამუკა მდინარაძე რამდენიმე პიროვნებას ჩემს შესახებ წერდა მესიჯს, რომელიც ჩემთან დაკავშირებით მომზადდა იქ, სადაც მზადდება ხოლმე და შემთხვევით ჩემთან გამოეგზავნა. სადაც ეწერა ეკა ბესელია და იწყებოდა ლანძღვა გინება. ის, რაც ჩემზე უნდა ელაპარაკათ. ჩემთან დაკავშირებით მომზადდა მესიჯი, იმიტომ დამწკრივდნენ ეს უმწიფარი ბიჭები, მართლა არაკაცები და დილიდან სამარცხვინო კომენტარებს აკეთებენ,“- განაცხადა ბესელიამ.

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძემ დაადასტურა, რომ ეკა ბესელიას შეტყობინება მართლაც გაუგზავნა შეცდომით, თუმცა განმარტა, რომ ეს ბესელიასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის წევრების მიერ გასახმოვანებელი “მესიჯბოქსი” არ ყოფილა.

მისივე თქმით, ამის შემდეგ ეკა ბესელიასთან მიმოწერა გააგრძელა, თუმცა ბოდიში არ მოუხდია.

„დიახ, იყო ასეთი ფაქტი. ხშირად დამმართნია მეც და ალბათ, თქვენც, როცა შეცდომით მესიჯი გადაგიგზავნია. ნინო წილოსანმა მკითხა, რა პოზიციები იყო დღეს, რა მესიჯები გახმოვანდა. ჩამოყრილი მქონდა და ვუთხარი, ახლავე ჩაგიგდებ-მეთქი. წინ ვეჯექი, მის ოთახში. ბესელიაზე ბევრს ვფიქრობ და და შეცდომით ეტყობა, გადავუგზავნე (ეს) მესიჯი.

ის მესიჯი წავშალე, რადგან მისთვის არ იყო განკუთვნილი. ეს იყო დღევანდელი პოზიციები, რაც გახმოვანდა მას შემდეგ და არა მანამდე”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია “პირველის” ეთერში საუბრისას.

აღნიშნულ ინფორმაციას საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი ზვიად კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება:

“ისევ ეს წყეული მესიჯები და ტვინის ბურღვა!!!!

ისევ წესიერი კოლეგების კუთხეში მიმწყვდევის მცდელობა და მათი იძულება ყველაფერზე ხელმოსაწერად.

წესიერებისგან განსხვავებით იძულება არ სჭირდებათ მოღალატე

“გიაურებს”. ასეთებმა ხომ თავი ცოცხლად დაიმარხეს უკვე. ვაი, როგორ მენანება ყოველი წუთი, რომელიც თქვენს გვერდით გავატარე. ახლაც კი, ამას რომ ვწერ მენანება დროის დაკარგვა თქვენზე, გიაურებო. ყველაფერს იკადრებთ, ოღონდ კომფორტის ზონიდან არ გამოხვიდეთ და არ გამოგიყვანონ, ოღონდ გაბრექილი იპიზიოროთ ტელეკამერების წინ. ასეთები სამარცხვინოები ხართ.

დანარჩენებს კი ვკითხავდი – როდემდე?”, – წერს კვაჭანტირაძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე.