ყველა უბადრუკი(ს) “ფეიკი” – ერთნაირად უბადრუკია, გარდაუვალი კრახი ელის ლოკალური მასშტაბის ფსევდოლიბერალურ “ფეიკსაც”

ყველა უბადრუკი(ს) “ფეიკი” – ერთნაირად უბადრუკია, გარდაუვალი კრახი ელის ლოკალური მასშტაბის ფსევდოლიბერალურ “ფეიკსაც”

“2012 წელს საქართველოში არჩევნები ჩატარდა, სადაც რუსეთი აქტიურად ერეოდა” – ამის შესახებ განცხადება, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა.

მიხეილ სააკაშვილმა fox news-თან ინტერვიუში, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში რუსული ფულის გავლენაზე ისაუბრა. მან ყურადღება აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის ელექტრონულ მიმოწერაზე გაამახვილა, რომელიც ცოტა ხნის წინ გასაჯაროვდა.

მისი თქმით, კლინტონის გარემოცვის ელექტრონული მიმოწერიდან ირკვევა, რომ პირები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილისგან ფულს იღებდნენ, აძლევდნენ რეკომენდაციებს სახელმწიფო მდივანს და მის გარემოცვას პოლიტიკურ საკითხებში.

გადაცემის მთავარი თემა შეერთებული შტატების სპეციალური პროკურორის გამოძიება იყო. სააკაშვილის თქმით, თავიდანვე იცოდა, რომ საუბარი თითქოს, ტრამპი და მისი საარჩევნო კამპანია 2016 წლის არჩევნებზე რუსეთთან გარიგებული იყო, სიმართლეს არ შეესაბამებოდა.

საქართველოს  ექს-პრეზიდენტის განცხადებას, “POSTV”-ის დამფუძნებელი ლაშა ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში ასე ეხმაურება:

“გლობალური მასშტაბის ფსევდოლიბერალური “ფეიკი”, თითქოს დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინის დახმარებით გახდა ამერიკის პრეზიდენტი, როგორც მოსალოდნელი იყო, კრახით დასრულდა და რადგან, კლასიკოსის არ იყოს, ყველა უბადრუკი(ს) “ფეიკი” – ერთნაირად უბადრუკია, გარდაუვალი კრახი ელის ლოკალური მასშტაბის ფსევდოლიბერალურ “ფეიკსაც” ბიძინა ივანიშვილის თუ სალომე ზურაბიშვილის პრორუსულობის შესახებ. აბა, ამერიკას ხომ არ ჩამოვრჩებით?!” – წერს ნაცვლიშვილი “ფეისბუქის” პირად გვერდზე.