რუსეთმა საქართველოს 19 მოქალაქეს 15 000 ევრომდე კომპენსაცია უნდა გადაუხადოს

რუსეთმა საქართველოს 19 მოქალაქეს 15 000 ევრომდე კომპენსაცია უნდა გადაუხადოს

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2006 წელს რუსეთიდან დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეების ინდივიდუალური სარჩელი დააკმაყოფილა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც 2006 წლის ოქტომბერში ადმინისტრაციული წესით დააკავეს და გააძევს, რუსეთმა კომპენსაციის სახით 2 000-დან 15 000 ევრო უნდა გადაუხადოს.

საუბარია ინდივიდუალურ მომჩივნებზე, რომლებიც დეპორტაციის დროს ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტზე დავობდნენ.

„სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთმა 19 მომჩივანიდან, თითქმის ყველას მიმართ ევროპული კონვენციის სხვადასხვა მუხლები დაარღვია", - ნათქვამია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

საქართველოს სასარგებლოდ გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლომ მიმდინარე წლის იანვარშიც გამოიტანა. ე.წ. დეპორტირებულების საქმეზე, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, რუსეთს საქართველოს 1500-ზე მეტი მოქალაქისთვის 10 მილიონი ევროს ოდენობის კომპენსაციის გადახდა დააკისრა.