უმრავლესობიდან წასული ეკა ბესელია პარლამენტის თავმჯდომარის მიერ მისი მისამართით გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ ირაკლი კობახიძის მიერ გაწვდილ ხელს არასდროს მიიღებს.
ეკა ბესელიას თქმით, პარლამენტის თავმჯდომარის გადაყენების საკითხი მწვავედ დგას და აღნიშნავს, რომ ის თანამდებობის შენარჩუნების მიზნით გაურიგდა, როგორც ყოფილ ხელისუფლებას, ასევე წინა რეჟიმის ჯალათებს.
"კობახიძემ სწორედ იმიტომ, რომ შეენარჩუნებინა თანამდებობა, რაც ფაქტობრივად ისედაც დაკარგული აქვს, არამარტო "ნაციონალურ მოძრაობას" და "ევროპულ საქართველოს"გაუწოდა ხელი, არამედ ადეიშვილის და სააკაშვილის ჯალათებსაც ბოლომდე გაუწოდა ხელი. ჯალათებისა და მოძალადეებისთვის გაწვდილ ხელს მე არასდროდ მივიღებ.
დავასრულე კობახიძე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე. დავასრულე იმ სხდომაზე, როდესაც ხელჩაკიდებული მოიყვანა პარტიის თავმჯდომარემ და არ მივიღე მისი ბოდიში, რომელიც იმიტომ მოიხადა, რომ თანამდებობა არ დაეტოვებინა. ახლა დარჩენილია მისი ფორმალური წასვლის საკითხი და სანამ გადაწვავს პარლამენტს, ეგებ უშველოს მისმა პატრონმა და ივანიშვილმა ისევ ჩაკიდოს ხელი და ასე ხელჩაკიდებულმა იარონ, ოღონდ "ნაციონალურ მოძრაობასთან" და მასთან ხელჩაკიდებულ კობახიძესაც ძალიან მალე დავასრულებ", - განაცხადა ეკა ბესელიამ.