საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე საქართველოს პირველი არხის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
„სულ რაღაც ერთ კვირაში, საქართველოს პირველი არხის თანამშრომლები ჯერ კრემლის აგენტებად შეგვრაცხეს, მერე – ამერიკის და მასონების! პრემიად ქრისტიანობის, სამშობლოს და გალაქტიკის მტრობაც შეგვეტენა.
ეს ამბავი გამოხატვის თავისუფლებაში შეიძლება კი ჯდება, მაგრამ მთლად ვან გოგის „მზესუმზირებსაც“ არ ჰგავს!
ერთი ჯგუფი თავისუფლების(!) სახელით ლაპარაკს და აზროვნებას გვიკრძალავს, მეორე – ქრისტიანობის(!) სახელით ჯვარზე გაკვრით გვემუქრება!
წესით, პირველები ვოლტერს უნდა აღიარებდნენ წინამორბედად, ხოლო მეორეები მეორე ლოყის შეშვერას უნდა გვასწავლიდნენ, თუმცა, პირველები გილიოტინას გვპირდებიან, მეორეები კი – ინკვიზიციის კოცონს! არადა ვოლტერმაც და ქრისტემაც აშკარად სხვა რამ თქვეს“, – აღნიშნავს ვასილ მაღლაფერიძე სოციალურ ქსელში.
საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორის შეფასებით, აღნიშნული ორი ჯგუფი ერთმანეთს ბრალდებებში ტოლს არ უდებს, თანაც ისეთ ბრალდებებში, „თავის დროზე ციმბირს რომ უკან დაგატოვებინებდა“.
„ერთი კრემლის აგენტობას გვაბრალებს, მეორე – ამერიკისას! სხვა წვრილ-მსხვილი შეურაცხყოფები მათ სინდისზე იყოს“, – წერს ვასილ მაღლაფერიძე სოციალურ ქსელში.
„არ მოგეწონა ადამიანის ნათქვამი და აცხადებ კრემლის აგენტად, იმის აგენტად, ამის აგენტად, ქრისტიანობის მტრად, ხალხის მტრად, მხოლოდ იმიტომ, რომ რაღაც თქვა! და ხალხის მტერს როგორ უნდა მოვექცეთ?! ცოტათი ხომ არ დავხვრიტოთ, ან ჩავქოლოთ, ან გავასახლოთ! როგორც ადრე?! სულ ცოტათი…
სიტყვის თავისუფლებას რა აზრი აქვს, თუ ადამიანი ისე დავაფრთხეთ (დავაბულინგეთ!), რომ ხმა ვერ ამოიღო?!“, – აცხადებს ვასილ მაღლაფერიძე.
როგორც ვასილ მაღლაფერიძე სოციალურ ქსელში აღნიშნავს, ჩვენს საზოგადოებას ბევრი პრობლემა აქვს, თუმცა, ყველაზე მეტად თავისუფალი აზროვნების ნაკლებობის, რაც იწვევს ბულინგისკენმიდრეკილებას, ტოტალურ ბულინგს.
„დღეს ერთადერთი, რისთვისაც წარმატებით გამოიყენება სიტყვის თავისუფლება, არის გინების თავისუფლება და ბულინგის თავისუფლება!
ყველა განსხვავებული მტერია, მოღალატეა! მარტო ტერმინები რად ღირს – კრემლის აგენტი, ამერიკის აგენტი… დანარჩენებს აღარ ვიტყვი“, – აცხადებს ვასილ მაღლაფერიძე.
„შუასაუკუნეებში ჯადოქრობისთვის წვავდნენ! განა რა ჯადოქრობა უნდა მოეხდინათ იმ საცოდავებს, მაგრამ „დანოსის“ საბაბი არ იყო ძნელი მოსაძებნი – ზოგს ხალი ჰქონდა, ზოგიც ცაცია იყო და ახლა კი ჩანს სისულელედ, მაგრამ მაშინ სჯეროდათ ამისი! სტალინის დროსაც სჯეროდათ, რომ კულაკებიხორბალს წამლავდნენ, ზოგს დღესაც სჯერა, რომ ის ხალხი დასახვრეტი იყო… ახლა კი არიან რეაბილიტირებულები ფარატინა ფურცლებზე, მაგრამ რა მერე?! და ჩვენი ისტორიის პატრონებს კიდევ ახალი „დანოსები“ გვინდა?!– წერს ვასილ მაღლაფერიძე სოციალურ ქსელში.