მალხაზ კობაურის დედამ მარიამ მარტიაშვილის თქმით, ყველაფერი მოსალოდნელი იყო. თუმცა, ეს გადაწყვეტილება საქართველოს სირცხვილია.
"ეს გადაწყვეტილება ჩვენთვის მოულოდნელი იყო, მაგრამ ყველაფრისთვის მზად ვიყავით. ნაფიცმა მსაჯულებმა ეს გადაწყვეტილება იმიტომ მიიღეს, რომ პროკურატურის მხრიდან ზეწოლის ქვეშ იყვნენ. ძალიან კარგად იცოდა პროკურატურამ, რაც ხდებოდა აქ, მაგრამ ამერიკას როგორ აწყენინებენ. აბა, ქართველი ყოფილიყო და ის მოეკლათ. მე ყველაფერს მოველოდი ამათგან. რა უნდა ვთქვა, შოკში ვარ, სირცხვილი მართლა საქართველოს“, - განაცხადა მარიამ მარტიაშვილმა.
ნაფიცმა მსაჯულებმა, მალხაზ კობაურის სისხლის სამართლის საქმეზე გადაწყვეტილება გუშინ საღამოს მიიღეს. კობაური დამნაშავედ ცნეს გაუპატიურებაში, განზრახ მკვლელობაში განსაკუთრებული სისასტიკით, ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობაში, განზრახ მკვლელობაში სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით.
რაც შეეხება დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლს, ამ ბრალდებაში მსაჯულებმა გამამართლებელი ვერდიქტი გამოიტანეს.