ქართველი ლგბტ აქტივისტები სტრასბურგში ჩივიან

ქართველი ლგბტ აქტივისტები სტრასბურგში ჩივიან

ქართველმა ლგბტ აქტივისტებმა "დინამო არენაზე“ ლგბტ სიმბოლიკის შეტანის ხელშეშლისთვის ადამიანის უფლებთა ევროპულ სასამართლოს მიმართეს.

საქმე ეხება 2018 წლის 9 სექტემბერს თბილისში "დინამო არენაზე“  გამართულ საფეხბურთო მატჩს, სადაც ლგბტ აქტივისტები გურამ კაშიასთვის მადლიერების გამოსახატად ლგბტ სიმბოლიკით მივიდნენ. შსს-ს თანამშრომლებმა მათ არ მისცეს უფლება, რომ ლგბტ სიმბოლიკა სტადიონზე შეეტანათ.

"გულშემატკივრებს მატჩზე არ შეატანინეს დროშები და პოსტერები, რომლებზეც ცისარტყელა იყო გამოსახული. ეს შეზღუდვა სამინისტრომ დაასაბუთა სტადიონზე მყოფი ადამიანების უსაფრთხოების უზრუნველყოფის, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნებით და დაეყრდნო პოლიციის შესახებ საქართველოს კანონს, რომელიც პოლიციას აძლევს უფლებას დროებით შეუზღუდოს ადამიანს გადაადგილების თავისუფლება და ასევე დროებით ჩამოართვას რომელიმე ნივთის ფლობის უფლება, თუ ეს ნივთი წარმოადგენს მისი ან სხვა ადამიანის სიცოცხლისთვის საფრთხეს“, - ნათქვამია “თანასწორობის მოძრაობის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ სარჩელი ევროსასამართლოში 2019 წლის 9 მარტს გაიგზავნა. 9 ლგბტ აქტივისტს, ვინც სასამართლოს მიმართა, მიაჩნია, რომ პოლიციის თანამშრომლებმა გადააცილეს საკუთარ უფლებამოსილებას, რადგან დროშები და პოსტერები, თავისთავად, ვერ იქნებოდა გამოყენებული სხვა ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზიანების იარაღად.

"იმ შემთხვევაში, თუ ჰომოფობიურად განწყობილი ადამიანების მხრიდან ადგილი ექნებოდა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს, პოლიციას ზომები უნდა მიეღო ამ ქმედებების აღსაკვეთად. პოლიცია წინასწარ გაფრთხილებული იყო, რაზეც მეტყველებს ის, რომ მე-9 სექტორში, სადაც გურამ კაშიას გულშემატკივრებიც იყვნენ კონცენტრირებული, საკმაოდ დიდი ოდენობით პოლიცია იყო მობილიზებული.

ადგილობრივ დონეზე პროკურატურამ უარი თქვა, შსს-ს თანამშრომლების მიმართ გამოძიების დაწყებაზე, რადგან ვერ დაინახა დანაშაულის, ანუ სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ნიშნები. შსს-ს გენერალურმა ინსპექციამაც ვერ დაინახა პოლიციელების ქმედებებში დისციპლინური გადაცდომები და განმარტა, რომ ისინი მოქმედებდნენ შსს-ს მაღალჩინოსნის ბრძანების და კანონის საფუძველზე.

მომჩივნებმა საჩივრით პროკურატურის, გენინსპექციის, შსს-ს მინისტრის და შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის გარდა, მიმართეს საქართველოს სახალხო დამცველსაც, თუმცა უშედეგოდ“, - წერია განცხადებაში.

ცნობისთვის, საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანს გურამ კაშიას უეფამ “თანასწორობის ჯილდო” გადასცა. ჯილდოს გადაცემამდე ერთი წლით ადრე, კაშია ჩაერთო ჰოლანდიის ერედივიზიონის კამპანიაში, რომელიც მიმართული იყო ჰომოფობიის წინააღმდეგ. კამპანიაში ჩართვის ნიშნად, კაშიამ ლგბტ სამკლაური გაიკეთა, რასაც საქართველოში ჰომოფობიურად განწყობილი ადამიანების პროტესტის მოჰყვა.