„ოცნების“ მიერ წარდგენილი მარნეულის მერობის კანდიდატი მანამდე „ნაციონალების“ აქტიური მხარდამჭერი იყო

„ოცნების“ მიერ წარდგენილი მარნეულის მერობის კანდიდატი მანამდე „ნაციონალების“ აქტიური მხარდამჭერი იყო

„ქართული ოცნების" მარნეულის მერობის კანდიდატი ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე ზაურ დარგალი იქნება, რომელიც მანამდე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერი იყო. გავრცელდა ფოტო-მასალა, სადაც ჩანს, რომ მას „ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერი მაისური აცვია.

თუ ვინ არის ზაურ დარგალი და მარნეულის მერობის კანდიდატად მისი წარდგენა რითი შეიძლება აიხსნას, ამ საკითხთან დაკავშირებით „რეზონანსი" ანალიტიკოსს, მამუკა არეშიძეს ესაუბრა.

არეშიძის აზრით, ზაურ დარგალის სურვილი პოლიტიკაში აქტიური მოღვაწეობა იყო და სწორედ ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ დარგალი „ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერთა რიგებში მოხვდა.

„არ მომწონს, „ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერი რომ იყო, მაგრამ აქტივისტი იყო თუ არა, ზუსტად არ ვიცი. თავის დროსზე პოლიტიკურად მოწადინებული ახალგაზრდა იყო. დიდი ხანია მას ვიცნობ. პოლიტიკურ ასპარეზზე მისი განსაკუთრებული აქტიურობა არ შემიმჩნევია, მაგრამ პოლიტიკაში ყოფნა უნდოდა და როგორ ჩანს, ამიტომ მოხვდა „ნაციონალური მოძრაობის" მაისურმატარებელთა რიგებში. ამჯერად იგი არის გუბერნატორის მოადგილე," - აღნიშნა მან.

„შესაძლოა იმიტომ წარადგინეს რომ, სახელმწიფო ჩინოვნიკია. ასევე საკმაოდ ცნობილი პიროვნებაა მარნეულში. ადგილობრივია და ბევრი იცნობს. მოტივაცია ეს უნდა იყოს; პოპულარულია მარნეულის მოსახლეობაში, განსაკუთრებით ახალგაზრდებში," - განაცხადა მამუკა არეშიძემ.

ცნობისათვის, „ქართულმა ოცნებამ" მარნეულის მერობის კანდიდატად ზაურ დარგალი დაასახელა. ამის შესახებ პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილმა ორშაბათს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.