ველოდებით სამართლის აღსრულებას სმიტების ოჯახისთვის

ველოდებით სამართლის აღსრულებას სმიტების ოჯახისთვის

აშშ-ის კონსულმა საქართველოში, ჯენეთ რებერმა ჟურნალისტებს გორის რაიონულ სასამართლოში განუცხადა, მისი მოლოდიანია, რომ სამართალი აღსრულდეს სმიტების ოჯახისთვის.

კონსული ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურის სასამართლო პროცესს ესწრება.

„ეს სამი მშვენიერი ადამიანია, რომელთაც სამყარო უყვარდათ და რომელთა სიცოცხლე ბოროტების საზარელი აქტით დასრულდა. ისინი ამერიკაში დაიბადნენ, მაგრამ თავიანთი არჩევანით ქართველები იყვნენ. მათ უყვარდათ ეს ქვეყანა. მადლობა მინდა გადავუხადო ქართველ ხალხს მხარდაჭერისთვის და საქართველოს მთავრობას, გამოძიების ჩატარებისთვის“, – განაცხადა რებერმა.

გორის რაიონულ სასამართლოში იმყოფებიან კობაურის ოჯახის წევრები. ისინი ჟურნალისტებთან კომენტარს არ აკეთებენ.

შეგახსენებთ, რომ მალხაზ კობაურს ბრალად ედება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და 137-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რაც განზრახ მკვლელობას სხვა დანაშაულის გაადვილებისა და დაფარვის მიზნით, სამი პირის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობას, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ მკვლელობასა და გაუპატიურებას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული 16-დან 20-წლამდე, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.