“დღეს პარადოქსია ის, რომ სწორედ ყოფილმა ხელისუფლებამ დაიწყო ამ თემაზე საუბარი…”

“დღეს პარადოქსია ის, რომ სწორედ ყოფილმა ხელისუფლებამ დაიწყო ამ თემაზე საუბარი…”

საქართველოს დემოგრაფიული აღორძინების ფონდის თავმჯდომარე, პოლიტიკური მკვლევარი თამარ ჩიბურდანიძე გუშინ, “ნაციონალური მოძრაობის” ყრილობაზე გრიგოლ ვაშაძის გამოსვლას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად დემოგრაფილული თემა ბევრი პოლიტიკური პარტიისთვის მომგებიანი ხდება, რადგან დღეს საქართველოს ასეთი დიდი ეროვნული პრობლემა ტერიტორიულ მთლიანობასთან ერთად, არა აქვს. ჩიბურდანიძე თვლის, რომ “ნაც.მოძრაობის” მხრიდან ამ თემაზე საუბარი პარადოქსია, თუმცა, ეს „ქართული ოცნების“ დუმილის შედეგია:

„რაც უფრო ახლოვდება არჩევნები, მით უფრო ხშირად გავიგებთ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიისგან დემოგრაფიულ პრობლემებზე წუხილს და დარწმუნებული ვარ, ბევრი მათგანი საარჩევნო პროგრამას სწორედ ამ თემაზე ააგებს. საერთაშორისო ორგანიზაციები წლების წინ უფრო მძაფრად წერდნენ ქვეყანაში შექმნილ მძიმე დემოგრაფიულ მდგომარეობაზე, ვიდრე დღეს, მაგრამ მაშინ თითქმის არავის ესმოდა, მითუმეტეს “ნაც.მოძრაობას”. დღეს პარადოქსია ის, რომ სწორედ ყოფილმა ხელისუფლებამ დაიწყო ამ თემაზე საუბარი, ვის დროსაც ყველაზე მეტი უნდა გაკეთებულიყო მდგომარეობის შესაცვლელად, მაგრამ არაფერი გაკეთებულა. მართალია, გრიგოლ ვაშაძე მაშინ პარტიის წევრი არ იყო და არ ვიცი მისი გულწრფელი დამოკიდებულება ამ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა, მისი გუნდის დამსახურებაა სწორედ ის, რომ 2010-2012 წლებში შობადობის კლებამ, მოკვდაობის  და მიგრაციის ზრდამ პიკს მიაღწია.

გაოგნებული ვარ იმით, რომ დღეს დემოგრაფიულ პოლიტიკაზე საუბრობს ის პარტია, რომლის ხელშიც იყო ამ პოლიტიკის განხორციელების სადავეები, მაგრამ არაფერი გააკეთა. ხოლო დუმს ის პარტია, რომელიც მოსვლის დღიდან ქვეყანაში არსებული მძიმე დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსასწორებლად ზრუნავს და შეძლო კიდეც შობადობის გაზრდა, აბორტების, მოკვდაობის და  მიგრაციული სალდოს მკვეთრი შემცირება. თუმცა, ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ბევრმა წევრმაც კი არ იცის. ხალხმა როგორღა უნდა იცოდეს? ჩვენი ორგანიზაცია ამ პროცესების უშუალო მონაწილეა და უფლება გვაქვს საზოგადოებას მივაწოდოთ რეალური ინფორმაცია. ის, რაც კეთდება დღეს, შედეგს ერთი დემოგრაფიული თაობის, ანუ 25 წლის შემდეგ მოგვცემს.  სწორედ ამიტომ, ნებისმიერი ხელისუფლებისთვის ნაკლებად მომხიბვლელია დემოგრაფიული პოლიტიკის განხორციელება, რადგან შედეგს თავად ვერ ნახავს და პიარისთვის არ გამოადგება. ხოლო მომგებიანია ოპოზიციისთვის, მასშტაბური თემაა და ამომრჩევლის ემოციაზე მოქმედებს. „ქართულმა ოცნებამ“ ეს სტანდარტი დაარღვია და ხელისუფლებაში ყოფნისას დაიწყო დემოგრაფიული პოლიტიკის განხორციელება, თუმცა, ხალხთან ამ თემაზე დუმილს ამჯობინებს და საზოგადოებაში „მებრძოლ“ განწყობას ქართველი ერის ფიზიკური გადარჩენის შესახებ, კვლავ „ნაციონალური მოძრაობა“ ქმნის,“- განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.