თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ასეთი აქტიური პარლამენტი, ალბათ, 90-იანი წლების შემდეგ არ ყოფილა

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ასეთი აქტიური პარლამენტი, ალბათ, 90-იანი წლების შემდეგ არ ყოფილა

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ასეთი აქტიური პარლამენტი, ალბათ, 90-იანი წლების შემდეგ არ ყოფილა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარლამენტის ახალი რეგლამენტის მიღებიდან 100 დღეში მიღწეული შედეგების შეჯამებისას განაცხადა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, ძლიერი პარლამენტი ნიშნავს ძლიერ დემოკრატიას და ძლიერი პარლამენტის გარეშე შეუძლებელია, ძლიერი დემოკრატიის არსებობა ქვეყანაში.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ინტერესია საქართველოს პარლამენტის და პარლამენტის გაძლიერების პროცესის მიმართ.

ბუნებრივია, ძლიერი პარლამენტი ნიშნავს ძლიერ დემოკრატიას და ძლიერი პარლამენტის გარეშე შეუძლებელია, ძლიერი დემოკრატიის არსებობა ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, ჩვენი ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული პარლამენტის პოლიტიკური და ინსტიტუციური გაძლიერებისკენ, პარლამენტის ინსტიტუციური განვითარებისკენ და ამ პროცესში, რა თქმა უნდა, თითოეული ჩვენი პარტნიორის, საერთაშორისო პარტნიორების, სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკური სუბიექტების როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ თავიდანვე, 2016 წლიდან, დავისახეთ ამბიციური ამოცანა, თვისებრივად გაგვეძლიერებინა ჩვენი საკანონმდებლო ორგანო და ამისთვის დავსახეთ ძალიან კონკრეტული გეგმა. ამ გეგმის შემადგენელი ნაწილი იყო, რა თქმა უნდა, საკონსტიტუციო რეფორმა, რომელიც 2016 წლიდან დავიწყეთ და ამ გეგმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი იყო, ბუნებრივია, რეგლამენტის რეფორმა. სწორედ რეგლამენტში უნდა ასახულიყო და დაკონკრეტებულიყო ის სიახლეები, რომელიც ზოგადი სახით კონსტიტუციის დონეზე იქნა წარმოდგენილი“, - განაცხადა კობახიძემ.

მისივე განმარტებით, პარლამენტის აქვს ორი ძირითადი ფუნქცია - ეს არის ზედამხედველობა, ეს არის კანონშემოქმედება.

„ჩვენ გვქონდა სირთულეები ორივე მიმართულებით და ჩვენი ამოცანა გახლდათ ამ ორი ფუნქციის გაძლიერება საქართველოს პარლამენტში. ჩვენ საკმაოდ რთული მემკვიდრეობა გადმოვიბარეთ 2016 წელს და ჩვენი ამბიციური მიზანი გახლდათ, მომდევნო მოწვევის პარლამენტისთვის ბევრად უფრო ძლიერი პარლამენტის გადაბარება და ვფიქრობთ, რომ მიზანმიმართულად და თანმიმდევრულად მივიწევთ წინ ამ მიზნის განხორციელებისკენ. ჯერ მხოლოდ 100 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც ამოქმედდა ახალი კონსტიტუცია და ახალი რეგლამენტი, თუმცა, ამ 100 დღის განმავლობაში ჩვენ გვაქვს უკვე ძალიან ხელშესახები შედეგები, და ეს შედეგები არის თვალსაჩინო ჩვენი თითოეული მოქალაქისთვის და ვფიქრობთ, ასევე, ჩვენი პარტნიორებისთვის“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

კობახიძის თქმით, პარლამენტის გააქტიურებაზე მისი მუშაობის სტატისტიკაც მეტყველებს.

„მე თამამად შემიძლია, ვთქვა, რომ ასეთი აქტიური პარლამენტი, ალბათ, 90-იანი წლების შემდეგ არ ყოფილა, გვქონდა ძალიან აქტიური საპარლამენტო ცხოვრება გასული 100 დღის განმავლობაში და ეს არის, რა თქმა უნდა, იმ საკანონმდებლო ცვლილების და პირველ რიგში, რეგლამენტის ცვლილების შედეგი, რომელიც განხორციელდა გასულ წელს საქართველოს პარლამენტში.

დაინერგა ახალი ინსტრუმენტები, რომელიც ხელს უწყობს პარლამენტის გაძლიერებას, განსაკუთრებით, ზედამხედველობის სფეროში, მაგრამ ასევე, კანონშემოქმედების სფეროში. ჩვენ ყველა ერთად ვაკვირდებით იმ პროცესებს, რომელიც არის დაკავშირებული საპარლამენტო ზედამხედველობასთან. ინერგება ახალი ინსტრუმენტები, მინისტრის საათი, ინტერპელაცია და ჩვენ ვხედავთ, რომ სტატისტიკაც კი ადასტურებს იმას, თუ რამდენად გააქტიურებულია საქართველოში საპარლამენტო ცხოვრება. ჩვენ ამ დროის განმავლობაში, 16 დეკემბრის შემდეგ, გვქონდა 5 სასესიო კვირა და ამ 5 სასესიო კვირის განმავლობაში, 5 მინისტრი სტუმრობდა საქართველოს პარლამენტს, პლენარული სხდომის ფორმატში. მათ შორის, ორი მინისტრი უკვე ორჯერ ესტუმრა საქართველოს პარლამენტს. არაერთი ვიზიტი გვქონდა ჩვენ საპარლამენტო კომიტეტებში. ეს სტატისტიკაც კი მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად გააქტიურებულია საპარლამენტო ცხოვრება და რა თქმა უნდა, სტატისტიკასთან ერთად, არის მნიშვნელოვანი შინაარსი - ჩვენ გვქონდა ძალიან საინტერესო დისკუსიები პარლამენტსა და მინისტრებს შორის, რაც მეტყველებს იმაზე, რომ პარლამენტი თანდათანობით აუმჯობესებს საკუთარ საზედამხედველო ფუნქციებს. ასევე, აღვნიშნავ იმას, რომ კანონშემოქმედების მიმართულებითაც აისახება უკვე პრაქტიკაში რეგლამენტის ცვლილებები“, - განაცხადა კობახიძემ.