ხაზარაძეს, ვასაძესთან და მაღრაძესთან შედარებით, ყველაზე კარგი პირობები აქვს, რომ შემოვიდეს ქართულ პოლიტიკაში - ძაბირაძე

ხაზარაძეს, ვასაძესთან და მაღრაძესთან შედარებით, ყველაზე კარგი პირობები აქვს, რომ შემოვიდეს ქართულ პოლიტიკაში - ძაბირაძე

„რაც მეტი მოძრაობა შეიქმნება ოპოზიციურ ფლანგზე, იქნება ეს მაღრაძე, ვასაძე თუ სხვა, ხელისუფლებას ეს აწყობს და მისთვის მომგებიანია, რადგან ოპოზიციას ხმებს წააართმევს“, - ასე  ეხმიანება პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ქართულ პოლიტიკურ სცენაზე შეიძლება კვლავ გამოჩნდეს ირაკლი ალასანია, ან ახალი მოძრაობა შექმნას ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ.

„ახალი მოძრაობების შექმნა მოსალოდნელიც იყო. ხელისუფლებისთვის  მომგებიანია რაც მეტი სუბიექტი იქნება არჩევნებში მონაწილე, ნებისმიერი ძალის გამოჩენა ოპოზიციურ ფლანგზე, მეტი ოპოზიციური განშტოება, იქნება ეს მაღრაძე, ვასაძე თუ სხვა, რადგან ოპოზიციას ხმებს წაართმევს, „ოცნებას“ კი, როგორც სახელისუფლებო პარტიას, სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით, გარანტირებულ ხმებს შეუნარჩუნებს.

„რაც შეეხება ვასაძის შემოსვლას ქართულ პოლიტიკაში, შეხვდა თუ არა ივანიშვილს და რაზე მოილაპარაკეს, ასევე ჩამოყალიბდება თუ არა ლიდერად, ვერ გეტყვით. ჯერ-ჯერობით ვასაძეს, გარდა ლექციებისა და საჯარო გამოსვლებისა, პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობა არ მიუღია. თანაც, მუდმივად მიდის მისი მხრიდან დასავლური ღირებულებების კრიტიკა და საზოგადოებაში პრორუსული იმიჯი აქვს.

„თუმცა, აქაც მარტივად არ არის საქმე, რადგან ბურჯანაძესაც პრორუსული იმიჯი აქვს, მეტი  პოლიტიკური გამოცდილება და პოლიტიკური ძალაც შექმნილი აქვს. ფული რამდენი აქვს ვასაძეზე მეტი, არ ვიცი, თუმცა არც ხელმოკლეა.

„რაც შეეხება ალასანიას, წავიდა და მოვიდა, არც მაშინ ჰქონდა დიდი რეიტინგი, რადგან დამოუკიდებლად, გუნდურობის გარეშე  მერობის არჩევნებიც ვერ მოიგო.

„ამ ფონზე ყველაზე კარგი სასტარტო პირობები აქვს მამუკა ხაზარაძეს, დღეს მისი იმიჯი ასეთია - ივანიშვილი მას მოსდევს, არასამთავრობები და მედია, ყველა მას იცავს. ხაზარაძის ფენომენი ყალიბდება, როგორც მებრძოლი, დაჩაგრული და დასავლური. სამივე ეს ფაქტორი ერთობლიობაში აყალიბებს პორტრეტს პიროვნებისა, რომელიც არის დევნილი ხელისუფლებისგან და პოლიტიკაში თუ წავა, საზოგადოების დიდი ნაწილი და ოპოზიცია მის მხარეს იქნება. ანუ ხაზარაძეს, ვასაძესთან და მაღრაძესთან შედარებით, ყველაზე კარგი პირობები აქვს შემოვიდეს ქართულ პოლიტიკაში“, - განუცხადა ძაბირაძემ „რეზონანსს“.

გრიგორი სამწუხაროდ არ ჩანს არცერთი პოლიტიკური ძალა ან პიროვნება, რომელსაც ხალხი მისცემს ხმას ! არცერთს არ ენდობა ხალხი ! არჩევნებამდე დარჩა სულ რაღაც 1,5 წელი და იმედიც არაა, რომ ვინმე ასეთი გამოჩნდეს. ტყუილად ჰგონია "ქართულ ოცნებას" , რომ მგლის (ნაცების) შიშით კვლავ გაიმარჯვებს ! პრეზიდენტის არჩევნები ბოლო გაფრთხილება იყო და ეს "ოცნებამ" როგორც ჩანს ვერ გაიგო !
5 წლის უკან