ჭავჭავაძეზე ორი ახალგაზრდის დაკავებით ადგილობრივების გამოწვეულ პროტესტზე, ვაკის მაჟორიტარმა, ბიძინა გეგიძემ გაზეთ „რეზონანსთან“ საუბრისას განაცხადა, რომ ისინი წუხდნენ პოლიციის დამოკიდებულებაზე დაკავებულების მიმართ და ეშინოდათ სამართალდამცავების მხრიდან რაიმე უკანონო ქმედების განხორციელების.
„პოლიცია ასრულებდა თავის მოვალეობას, მოსახლეობის წუხილი იყო პოლიციის დამოკიდებულება მოსახლეობის მიმართ - როდესაც აკავებენ, ვთქვათ მათ მეზობელს ან ნაცნობებს, პოლიციისგან ითხოვენ უფრო გულისხმიერ დამოკიდებულებას.
„პოლიციას აქვს გაწერილი რეგლამენტის სახით, თუ როგორ და რა დისტანციაზე მისცეს მოსახლეობას მისვლის საშუალება, იქ დაცული უნდა იყოს ნორმები ორიოვე მხრიდან, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ცინიკური, სამართალდამცავების ლექსიკაც და მოქმედებაც უნდა იყოს თავშეკავებული.
“მოსახლეობის შეშფოთება ასევე პოლიციის რაოდენობამაც გამოიწვია, ისინი ბევრნი იყვნენ. ეს იყო ის, რასაც მოსახლეობა აპროტესტებდა. როდესაც მე მივედი, ისინი მეკითხებოდნენ, ხომ არ არღვევდა პოლიცია რაიმე კანონს. მათ ეშინოდათ „ჩადება“ ან რამე მსგავსი არ მომხდარიყო”, - განაცხადა გეგიძემ.
ვაკის მაჟორიტარი ვაკის პოლიციაშიც იმყოფებოდა, სადაც ხელმძღვანელობას გაესაუბრა.
„მე მქონდა პოლიციის ხელმძღვანელებთან საუბარი. მათთვის არ არის ადვილი, როდესაც დაკავების დრო მოსახლეობა ქმნის კრიტიკულ გარემოს.პოლიციას არ აქვს რაიმე სხვა ინტერესი, მათი ყველა მოქმედება ექვემდებარება იმას, რომ აქვთ ინფორმაცია და პრევენციის ზომები უნდა მიიღონ, რომ არ მოხდეს უფრო მძიმე დანაშაულებები“, - აცხადებ ბიძინა გეგიძე.
მისი თქმით, ვაკე პრობლემური უბანია და სამართალდამცავების შფოთვა და ყურადღება გასაკვირი არ არის.
„მოსახლეობას აქვს იმის უფლება, რომ ეჭვი შეიტანოს პოლიციის ქმედებებში, ან მოითხოვოს ის, რომ მათი სიმშვიდე არ დაირღვეს. თუმცა ვიცით ყველამ, რომ ვაკე პრობლემატური უბანია და პოლიციის შფოთვა და განსაკუთრებული ყურადღება ჩემთვის გასაგებია. უბრალოდ ფორმებია განსაახლებელი და მოსახლეობის ნდობის მოპოვებაზე უნდა იზრუნონ.
„ეს არავის ჯინაზე არ ხდება, პირიქით პოლიცია იცავს წესრიგს. ყველა ნორმალური, პროგრესულად მოაზროვნე მოქალაქისგან პოლიციას სჭირდება მხარდაჭერა. გადაცდომა მოუვა თუ ყველაფერს იდეალურად ჩაატარებს, მაინც კრიტიკული დამოკიდებულებაა და ნდობის დეფიციტს განიცდიან. ამაზე უნდა დავფიქრდეთ, თორემ ყველა შეცდომას რა თქმა უნდა რეაგირება მოყვება. არ აქვს მნიშვნელობა ეს პოლიცია იქნება, თუ დამნაშავე“, - განაცხადა ბიძინა გეგიძემ.