საქართველოს ყპფილი პირველი ლედი მაკა ჩიჩუა ამბობს, რომ დუშეთში ქმართან და შვილებთან ერთად ცხოვრობს, არ ჰყავს დამხმარე და აქტიურდ არის ჩართული შშმ პირების პრობლემების მოგვარების საკითხში.
"არ მყავს არანაირი დამხმარე ქალბატონი. მყავს ძიძა პატარასთანაც და დიდ ბიჭთანაც. ისიც ძალიან მოკლე დროით, როცა სადღაც გავდივარ. მე იქ ტყეში ვარ. სრულიად მარტო, მეზობლების გარეშე. ტყე არის ჩემი მაცოცხლებელი, რომელიც მაძლევს ამხელა ენერგიას. ძირითადად ვცხოვრობ დუშეთში. ვხუმრობ ხოლმე, დუშეთის „სოლოლაკში“. ეს არის ყველაზე მაღალი ადგილი. ტურები და მელიებიც კი ჩამოსულან და მეზობლის ქათმები შეუჭამიათ".
ყოფილი პირველი ლედი ამბობს, რომ ოჯახს სადილს თავად უმზადებს, თუმცა ხინკლის გაკეთება ჯერ ვერ ისწავლა: „ეს პროცესი მომწონს და სადილის მომზადებაში თავიდან ბოლომდე ვარ ჩართული“.
მაკა ჩიჩუამ „კულინარიულ დუელში“ დაუნის სინდრომის შესახებაც ისაუბრა. მის უფროს ვაჟს დაუნის სინდრომი 5 წლის წინ დაუდგინდა:
"იძაბები, როცა იგებ, რომ ადამიანი დაიბადა რაღაც სინდრომით და რა არის ეს, არც იცი, რა თქმა უნდა, აქ დრამატურგია რაღაც პიკს აღწევს და ტრაგიზმამდე მიდის. შენთვის ყველაზე ბედნიერ მომენტში შეიძლება ყველა შენი ახლობელი თუ მედპერსონალი, ვინც პირველი უნდა იყოს, რომ სიხარული მოგანიჭოს, გეუბნება, რომ ძალიან მძიმე პროცესთან გაქვს საქმე. პირველი, ვინც უნდა იყოს მზად, ეს არის მედპერსონალი, რომელიც სწორად მოგაწვდის ინფორმაციას და პირველ რიგში მიმართულებას მოგცემს".
მაკა ჩიჩუა ამბობს, რომ მას ძალიან გაუმართლა, ოჯახიც და გარემოცვაც მომზადებული დახვდა, როცა შეიტყო, რომ შვილს ზედმეტი ქრომოსომა ჰქონდა:
"როცა ჩვენ დიაგნოზი მივიღეთ და დამტკიცდა, რომ ერთი ზედმეტი ქრომოსომა არსებობს, ამის მერე დავიწყე გარკვევა, თუ რასთან მექნებოდა საქმე. მანამდე მქონდა შეხება შეზღუდული შესაძლებლობის პირების პრობლემებთან და მათ ინტეგრაციასთან. ამიტომ ეს არ იყო შოკი“.