ჩვენთან ხომ არ აპირებს სომხეთი ამ ნარჩენების შემოტანას?

ჩვენთან ხომ არ აპირებს სომხეთი ამ ნარჩენების შემოტანას?

„ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ თუ მართლა აპირებს სომხეთი რუსეთში რადიოაქტიური ნარჩენების გატანას, ჩვენთან ხომ არ აპირებს შემოტანას", - ასე ეხმაურება გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი და ეკოლოგი ნინო ჩხობაძე ქართულ და სომხურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც სომხეთმა შესაძლოა რაზდანის ატომურ ელექტროსადგურში დაგროვილი რადიაქტიული ნარჩენები რუსეთში საქართველოს გავლით გაიტანოს.

როგორც ჩხობაძემ „რეზონნსთან" საუბრისას განაცხადა, ადრე ასეთი ტვირთის გატარება სასტიკად აკრძალული იყო. დღეს კი რადიაციული თვირთის გატარებაზე კანონში ძალიან ბუნდოვანი ჩანაწერებია. ამასთან, ჩხობაძისვე ინფორმაციით, ჩვეულებრივი ავტომობილით ამ ტვირთის გადატანა შეუძლებელი და დაუშვებელია.

„ამ ნარჩენების გადატანა შესაძლებელია მხოლოდ რკინიგზით და სპეცმატარებლებით, თუმცა სარკინიგზო მიმოსვლა რუსეთთან არ გვაქვს", - აცხადებს ჩხობაძე.

უკანასკნელად სომხეთიდან რადიოაქტიური ნარჩენები რკინიგზით 1989 წელს აზერბაიჯანის გავლით რუსეთში გაიტანეს. დღეს კი, გასაგები მიზეზების გამო, სომხეთისთვის ქვეყნიდან რადიაქტიული ნარჩენების გატანის ერთადერთი გზა საქართველოს ტერიტორიაზე გადის.