„კობახიძე ისეთი აღელვებული იყო, ძლივს დააწყნარა ძიძიგურმა“,

„კობახიძე ისეთი აღელვებული იყო, ძლივს დააწყნარა ძიძიგურმა“,

„დეპუტატებს საბიუჯეტო სახსრების მითვისება როგორ უნდა დააბრალო? ეს აბსურდული ბრალდებაა. მაშინ აღმასრულებელი ხელისუფლების ადამიანმა უნდა მოიპაროს და მიუტანოს. ქალბატონი ეკა ყოველთვის დეპუტატი იყო, აღმასრულებელი ხელისუფლების წევრი არასდროს არ ყოფილა.

„არ მგონია „ოცნებას" ამდენი გონიერება არ ჰყოფნიდეს, რომ ასეთი ბრალდებებით ადამიანს ზიანს ვერ მიაყენებს. ისინი საკუთარ თავს უფრო დააზიანებენ," - აცხადებს დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე „ქართული ოცნებიდან" წასული დეპუტატის, ეკა ბესელიას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესაძლო დადგომის შესახებ „რეზონანსთან" საუბრისას.

მისი თქმით, მმართველი გუნდიდან წამოსული დეპუტატების წინააღმდეგ საქმის შეთითხვნა მხოლოდ თავად „ოცნებას" დააზარალებს.

„როდესაც ადამიანები „ოცნებიდან" მიდიან, მერე იწყება ამ ბრალდებების შეთითხვნა. ეს ვნახეთ სხვადასხვა მინისტრებზე, ახლა თუ დეპუტატებზე გადავიდნენ.

„არ მგონია, რომ ამან წარმატებით ჩაიაროს. მოქმედი ვინც ჰყავთ, ურჩევნიათ მათზე გააკეთონ აქცენტი, რადგან ხალხში რეპუტაციას და რეიტინგს ის ადამიანები აკარგვინებენ, ვინც დღეს „ოცნების" აქტიური სახეები არიან," - აღნიშნა მან.

ჭიჭინაძემ ზვიად კვაჭანტირაძის თანამდებობიდან გადაყენების მცდელობის დღეც გაიხსენა და დასძინა, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ იმ დღეს კოლეგებს შეურაცხყოფა მიაყენა, ამიტომაც აუცილებელია „ქართულმა ოცნებამ" კობახიძის შესახებ, გარკვეული გადაწყვეტილება მიიღოს.

„თუკი შევხედავთ კობახიძის საქციელს, თუნდაც კვაჭანტირაძის გადაყენებასთან დაკავშირებით, ძლივს დააწყნარა ძიძიგურმა, უთხრა, რომ კაცი გადადგა, ამას კი მაინც კენჭისყრის ჩატარება უნდოდა. იმდენად გაღიზიანებული იყო, შეურაცხყოფაც კი მიაყენა თავის კოლეგებს, როდესაც უთხრა, რომ წითელს და მწვანეს ვერ არჩევენ.

„იმას კი არ აღიარებს, რომ ადამიანები უბრალოდ არ უჭერდნენ მის ისეთ საქციელს მხარს, რომელიც მან გამოამჟღავნა, როდესაც დეპუატეტის წინაშე სიტყვით წარსდგა და კვაჭანტირაძეს მისი საქმიანობა დაუწუნა.

„თუ ვინმე სამარცხვინო და დასაწუნია, ეს კობახიძეა და ამაზე „ქართულმა ოცნებამ" უნდა იზრუნოს. როდესაც სალომე ზურაბიშვილი ჯანმრთელობის ცნობების შესახებ გამოდის, ვფიქრობ ფსიქიურ ტესტზე „ქართულ ოცნებაში" მყოფი ბევრი დეპუტატი უნდა გაატარონ," - განაცხადა დავით ჭიჭანაძემ.

ცნობისათვის, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „ქართულმა ოცნებამ" ეკა ბესელიას წინააღმდეგ კომპრომატების მოძიება დაიწყო. კამერების წინ „ოცნების" „ახლების" გუნდმა ბესელია კორუფციაში დაადანაშაულა. ამის შესახებ „შაბათის კურიერი" იუწყება.