„სანდრა რულოვსის კანდიდატურა შეირჩა სწორედ იმ დამოკიდებულებიდან გამომდინარე, რაც ზუგდიდის მოსახლეობას მისი პიროვნების მიმართ აქვს. ვნახეთ მისი ჩასვლები, მეგრულ ენაზე საუბარი და მეგრული ფოლკლორის ცოდნის დემონსტრირება, რაც ადგილობრივებს მოსწონთ, რადგან საქართველოს მოსახლეობაში კუთხურობის ელემენტი ჯერ კიდევ კარგად არის განვითარებული," - ასე აფასებს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" ზუგიდიდის მერის თანამდებობაზე შუალედურ არჩევნებზე საქართველოს ყოფილი პირველი ლედის, სანდრა რულოვსის მონაწილეობას, რომელიც გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი იქნება.
მისი თქმით, ოპოზიციმ სანდრა რულოვსის კანდიდატურაზე გარკვეული ფაქტორებიდან გამომდინარე მიიღო გადაწყვეტილება და ერთ-ერთად ფაქტორად ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოიაზრება.
„როდესაც ჰოლანდიელი მათ ენაზე ესაუბრება, თვლიან, რომ უცხოელი კარგად ინტეგრირდა სამეგრელოს რეალობაში, რაც მათთვის გარკვეული სტიმულია, ამ ადამიანს მხარი დაუჭირონ. სხვა რა ღირსებებისთვის უნდა შეერჩიათ სანდრა რუსლოვსი? რა თქმა უნდა, ექსპრეზიდენის ფაქტორმაც გარკვეული როლი ითამაშა, რადგან ის სააკაშვილთან ასოცირდება, როგორც მისი მეუღლე, თანამებრძოლი. ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით მოხდა მისი შერჩევა კანდიდატად.
„ნიკა მელიას კანდიდატურას რაც შეეხება, მართალია ის წარმოშობით სამეგრელოდანაა, მაგრამ ბოლო პერიოდში ძალიან დესტრუქციული იმიჯი აქვს და არა მგონია, რომ მოსახლეობის დიდი მხარდაჭერა და სიმპათია ჰქონდეს.
„ნიკა მელიას დისკრედიტაცია „ქართულ ოცნებას" არ გაუჭირდებოდა. საკმარისი იყო ე.წ. კადრების დატრიალება ტელევიზიით, ისედაც, როგორც პოლიტიკოსი მოსახლეობის თვალში მაინცდამაინც დიდი ავტორიტეტით არ სარგებლობს. სხვა არის სანდრა რულოვსი, რომელიც უცხო ხილია და შესაძლოა მან ხმების საკმაოდ დიდი რაოდენობა აიღოს, თუმცა გააჩნია, ვინ იქნება მისი კონკურენტი. ძირითადი ბრძოლა, ალბათ, „ქართულ ოცნებასა" და „ნაცმოძრაობას" შორის წარიმართება," - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ.
ცნობისათვის, დღეს გაერთიანებული ოპოზიციის წევრებმა გადაწყვეტილება მიიღეს იმის შესახებ, თუ ვის წარადგენდნენ ზუგიდიდის მერის თანამდებობაზე შუალედურ არჩევნებში. გაერთიანებულმა ოპოზიციამ ზუგდიდის მერობის კანდიდატად სანდრა რულოვსი დაასახელა. ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
„გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი იქნება" ქალბატონი სანდრა რულოვსი, გაერთიანებული ოპოზიციის და ქალბატონი სანდრას სურვილები დაემთხვა ერთმანეთს," - განაცხადა ვაშაძემ.