,, ნიკა გვარამიას განცხადება იყო ფაშისტური”

,, ნიკა გვარამიას განცხადება იყო ფაშისტური”

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ თემაზე: „2018 წლის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები: მიღებული გამოცდილება და სამომავლო ნაბიჯები“ მიმდინარე კონფერენციაზე განაცხადა, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია პირდაპირ ჩართული იყო წინასაარჩევნო კამპანიაში, რაც არასამთავრობოების ფენომენის დისკრედიტებას ახდენს.

„ამ კუთხით, განსაკუთრებული პრობლემები იყო საპრეზიდენტო არჩევნების დროს, როდესაც რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია იყო პირდაპირი ფორმით ჩართული წინასაარჩევნო კამპანიაში. რაც ბუნებრივია, სერიოზული პრობლემაა და ეს ახდენს ზოგადად იმ ცნების დისკრედიტებას, რასაც ჰქვია არასამთავრობო  ორგანიზაცია. მაგალითად, ყველაზე ერთ-ერთი აქტიური არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი თავად იყო ინიციატორი „30 თეთრის კამპანიის“, რომელმაც მოღალატედ გამოაცხადა დღევანდელი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. ბუნებრივია, ასეთი ფაქტები პირდაპირ ახდენს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ამ ფენომენის დისკრედიტებას. კიდევ ერთ ორგანიზაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ამ კამპანიის ხელშემწყობი ბანერი ჰქონდათ განთავსებული საკუთარ ოფიციალურ „ფეისბუქ“ გვერდზე“.

ასევე იყო „რუსთავი 2“-ში მონაწილეობის კუთხით, სადაც პირდაპირ ტარდებოდა აგიტაცია ხელისუფლების მხარდაჭერილი კანდიდატების წინააღმდეგ და პირდაპირი იყვნენ ჩართული ამ კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელები, რომელებიც იმავდროულად, იყვნენ დამოუკიდებელი დამკვირვებლები ამ პროცესის. ბუნებრივია, ეს შეუთავსებელია ერთმანეთთან. ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ფაქტი იყო ნიკა გვარამიას, „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის განცხადების მხარდაჭერა არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან. საუბარი იყო იმაზე, ვინც მხარს დაუჭერდა სალომე ზურაბიშვილს, ყოფილიყო განკვეთილი სხვადასხა სფეროდან. ეს იყო ფაშისტური განცხადება, პირდაპირი გაგებით ფაშისტური განცხადება, ბოლშევიკური, გინდათ ეს ტერმინი გამოვიყენოთ. არამხოლოდ არ მოხდა რეაგირება მათი მხრიდან ამ განცხადებაზე, არამედ მოვისმინეთ მხარდამჭერი გზავნილები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.