"შევინახოთ მისი ოფისი, მისი ვოიაჟები, მისი მაკიაჟის რაღაც ხარჯები, ოღონდ გაჩუმდეს"

უმორჩილესად ვთხოვდი, თუ უნდა, პირადად ვეახლები და ისე ვთხოვ, იქნებ, შემდეგი წლების განმავლობაში საერთოდ ხმა არ ამოიღოს და დადუმდეს, - ამის შესახებ განცხადებას თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მისამართით აკეთებს.

ის ზურაბიშვილის ინტერვიუს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, მიხეილ სააკაშვილმა ნახევრად დაცლილი ცხინვალი დაბომბა.

"გადავიხდით იმ გადასახადებს, რითიც უნდა შევინახოთ მისი ოფისი, მისი ვოიაჟები, მისი მაკიაჟის რაღაც ხარჯები, ყველაფერს გადავიხდით, ოღონდ, გაჩუმდეს და ასეთ რაღაცეებზე საერთოდ არ ილაპარაკოს. ილაპარაკოს იგივე თანამედროვე ხელოვნებაზე, იქნებ საკუთარი ქვეყნის მიმართ მავნებლობა აღარ გამოამჟღავნოს ასეთი რიტორიკით. მივალ და ვთხოვ პირადად, მოწიწებითაც ვთხოვ, არამარტო ჩემი სახელით, სხვების სახელითაც, იქნებ დადუმდეს ასეთ საკითხთან დაკავშირებით", - განაცხადა ოქრუაშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი".