ექიმისა და პაციენტის ფიზიკური დაპრისპირება გურჯაანის კლინიკაში

ექიმისა და პაციენტის ფიზიკური დაპრისპირება გურჯაანის კლინიკაში

ჭრილობის საფენის შეცვლის გამო დაწყებული შელაპარაკება ექიმსა და პაციენტს შორს დაპირისპირებაში გადაიზარდა. გურჯაანში მომხდარი ინციდენტის ამსახველი ვიდეო პაციენტმა ხვიჩა სამადაშვილმა თავად გაავრცელა. დაპირისპირების შემდეგ ხვიჩა სამადაშვილი საავადმყოფოდან სამედიცინო მომსახურების გარეშე წამოვიდა.

ვითარება „ნიუ ჰოსპიტალში" მაშინ დაიძაბა, როცა პაციენტმა გადაწყვიტა, რომ მედპერსონალის აგრესიული მოქმედებები ვიდეოთი გადაეღო. ეს კი ექიმმა „არაკაცურად" მიიჩნია, პაციენტს კამერა წაართვა და სცემა.

ხვიჩა სამადაშვილის თქმით, გურჯაანის საავადმყოფოს პირველად შაბათს მიმართა. დღეს კი გეგმიურ გადახვევაზე იყო დაბარებული.

პაციენტი ხსნარის დასხმას ითხოვდა, თუმცა, ექიმმა უარი განუცხადა.

„არ მიკეთებენ ნიუ ჰოსპიტალში იმას, რასაც ვეუბნები და თავის ნებაზე აკეთებენ. არაკაცური ეს არაფერი არ არის. უნდათ, რომ ნაოპერაციები ამაგლიჯონ," - ამბობს პაციენტი.

ექიმმა, ნუკრი ბაღაშვილმა მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ პაციენტი ვიდეოს იღებდა, კამერასთან განაცხადა, რომ პაციენტი „ინტრიგანია".

„არაკაცურად იქცევა, იმიტომ, რომ ჭუჭყიანზე მთხოვს დასხმას, მე კიდევ არ გავაკეთებ. არასწორად იქცევა, ინტრიგანია," - ამბობს ექიმი.

ხვიჩა სამადაშვილი მომხდარს იხსენებს და ამბობს, რომ ექიმმა ტელეფონი ხელიდან გამოსტაცა.

"ტელეფონი გამომტაცა ხელიდან, მთელი გაწევ-გამოწევა იყო. კასტილი ავიშვირე, არც მოხვედრია. გამოვდივარ კარებში და გამოექანა იქ, ჯერ კარები მომიბრახუნა, ლამის გადმოვვარდი იქ და ვინც იდგა იმათ დავეჯახე და იმათ შემაკავეს და მერე გამოვედი. სანამ წამოვიდოდი, ეს კაცი კიდევ იწევდა," - ამბობს სამადაშვილი.

დილით მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით ექიმი განმარტებას არ აკეთებს. საავადმყოფოს მენეჯერი კი ამბობს, რომ პროვოკაცია პაციენტმა დაიწყო. მისი თქმით, დაზიანებულია ინვენტარი, რაზეც შესაბამისი შეტყობინება არის პოლიციაში გაკეთებული.

გურჯაანის "ჯეო ჰოსპიტალს" ხვიჩა სამადაშვილმა შაბათს მიმართა. მას შემდეგ, რაც სასოფლო სამეურნეო სამუშაოებისას ფეხი დაიზიანა. დღეს კი ჭრილობის გადახვევაზე იყო დაბარებული. სამადაშვილის მონაყოლით საავადმყოფოში დილიდან მივიდა, თუმცა ექიმის კაბინეტში პროცედურაზე რამდენიმე საათიანი ლოდინის შემდეგ შევიდა. ხვიჩა სამადაშვილი იხსენებს, რომ შელაპარაკება თავდაპირველად ექთანთან დაიწყო.

თავად ექიმი ნუკრი ბაღაშვილი დღეს ჟურნალისტებთან არ გამოჩნდა. ექიმსა და პაციენტს შორის მომხდარ კონფლიქტზე კი სატელეფონო განმარტება კლინიკის მენეჯერმა გააკეთა. რუსკა კუპატაშვილმა პაციენტი სამადაშვილი პროვოკაციის მოწყობაში დაადანაშაულა. ამის შესახებ „რუსთავი 2" იუწყება.

საავადმყოფოს მიმართვის საფუძველზე გურჯაანის პოლიციაში გამოძიება დაიწყო.