“გაგაბუნძულე იქიდან, საიდანაც დაგსვეს…”-“იმიტომაც ზიხარ მანდ…”- მორიგი დაპირისპირება პარლამენტში – ზარდიაშვილი VS ბესელია

“გაგაბუნძულე იქიდან, საიდანაც დაგსვეს…”-“იმიტომაც ზიხარ მანდ…”- მორიგი დაპირისპირება პარლამენტში – ზარდიაშვილი VS ბესელია

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების წარდგენისა და არჩევის პროცედურასთან დაკავშირებით, უმრავლესობის კანონპროექტის განხილვა კვლავ ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.

ამჯერად, უმრავლესობის დეპუტატი ვანო ზარდიაშვილი და დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.

ბესელიამ სხდომაზე ზარდიაშვილს მიმართა, რომ კორუფციაში ხელებს აფათურებს, ასევე ჰკითხა სად მუშაობს მისი მეუღლე.

პასუხად ზარდიაშვილმა ბესელია მიუგო:

„შენს ხელებს ასდის ფულის სუნი. ოჯახური ბიზნესი სასამართლოში თქვენ გქონდათ, სისხლის სამართლის პალატის თავმჯდომარე თქვენი მეჯვარე და ბავშვის ნათლიაა, გენერალური პროკურორის მოადგილე თქვენი მეჯვარეა და ბავშვის ნათლია.  ჩემი მეუღლე იუსტიციის უმაღლეს საბჭოშია, 8 წელია, იქ მუშაობს. შენ გინდა ბიზნესი სასამართლოში, რასაც ვერ მიიღებ“, – მიმართა ზარდიაშვილმა ბესელიას.

მისი თქმით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის პოსტიდან იმიტომ გადადგა, რომ ბესელია თავმჯდომარეობიდან გადამდგარიყო. ამასთან, ზარდიაშვილმა ხაზგასმით განცხადა, რომ პარლამენტის მანდატზეც უარს იტყვის, თუ ბესელია საკანონმდებლო ორგანოდან გავა.

„15 წელია საჯარო მოხელე ვარ და ჩემი ქვეყნისთვის პატიოსნად ვშრომობ, იმხელა სიკეთე ჩემი სამშობლოსთვის არ გამიკეთებია, როგორც ეკა ბესელიას გადადგომას შევუწყვე ხელი.

არამც თუ პირველი მოადგილეობიდან გადადგომა, არამედ დღესვე მზად ვარ, პარლამენტის მანდატზე ვთქვა უარი, თუ ეკა ბესელია პარლამენტიდან გავა. სასამართლოს მოვაშორებთ ადამიანს, რომელმაც სუბიექტური ინტერესები აქვს სასამართლოში, – განაცხადა ზარდიაშვილმა კომიტეტის სხდომაზე.

ამის შემდეგ ეკა ბესელიამ ვანო ზარდიაშვილს ზონდერი უწოდა და აღნიშნა, რომ ზარდიაშვილი თავადაც მიჰყვა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილ მოსამართლეთა ათკაციან სიას, რის გამოც გაბრაზებულია.

„იქედან გაგაბუნძულე, საიდანაც დაგსვეს. ვინმემ შეამოწმოს, ზარდიაშვილი ზემოქმედების ქვეშ ხომ არ არის, იმდენად აჟიტირებულია. ვანო ზარდიაშვილს, ზონდერებს პარლამენტში რა უნდათ? მშვიდობაში „ქართულ ოცნებას“. ყველაფერი ნათელია. საწყალი ეს ბიჭი, რომელსაც გეგმა ჩავუგდეთ, ოჯახური ბიზნესი ჩავუშალეთ და ის ათკაციანი სია, რომელსაც ლობირებდა და ვერ გაიტანა. თვითონაც მიჰყვა ამ სიას. მესმის, გაბრაზებულია. ვერ მპატიობენ, რომ სია გავუჩერე“, – განაცხადა ბესელიამ.

აღნიშნულზე ზარდიაშვილმა ბესელია კვლავ უპასუხა: – “იმიტომაც ზიხარ მანდ, და არა- იქ..”

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე ირაკლი კობახიძის და საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ 6 წევრის მიერ მომზადებულ კანონპროექტს განიხილავენ, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების გამწესებისა და შერჩევის წესს ეხება.