ერევანში რუსეთის საელჩიოსთან სომეხ ნაციონალისტებსა და კომუნისტებსა შორის დაპირისპირება მოხდა

ერევანში რუსეთის საელჩიოსთან სომეხ ნაციონალისტებსა და კომუნისტებსა შორის დაპირისპირება მოხდა

16 მარტს ერევანში, სომხეთის „ევროპული პარტიის“ აქტივისტების მიერ  რუსეთის საელჩოსთან გამართული ანტირუსული აქცია ადგილობრივმა კომუნისტებმა ჩაშალეს. მათ ნაციონალების მოთხოვნას გაუქმებულიყო 1921 წლის ყარსის შეთანხმება თურქეთსა და რუსთს შორის დაუპირისპირეს ლოზუნგები „საუკუნოდ რუსეთთან“ და „არა ანტირუსულ პროვოკაციებს სომხეთში“.

„ევროპული პარტიის“ მონაწილეების პლაკატებზე კი ეწერა, რომ „სომეხთა გენოციდი დაიწყო 1915 წლის 20 არპილს და დასრულდა სომეხთა პატრიციდით 1921 წლის 16 მარტს“ და რომ „რუსეთი ჯერ კიდევ 1915 წლიდან ანადგურებდა სომხებს“.

ამ ორ ჯგუფს შორის რუსეთის საელჩოსთან სერიოზული დაპირისპირება მოხდა.

სომეხ კომუნისტთა განცხადებით, ყარსის შეთანხმების დეზავიურება უპირველეს ყოვლისა თურქეთის ინტერესებშია, რადგანაც ასეთ შემთხვევაში შემთხვევაში აქტუალურობას შეიძენს 1920 წლის 2 დეკემბრის ალექსანდროპოლის შეთანხმება, რომლითაც თურქეთს სომხეთის ტერიტორიის იმაზე გაცილებით დიდი ნაწილი გადაეცა, ვიდრე 1921 წლის შეთანხმებით.

ამის შესახებ ჟურნალისტებს სომხეთის კომუნისტური პარტიის პირველმა მდივანმა ერდჟანიკ კაზარიანმა განუცხადა, რომლის მტკიცებითაც „ევროპული პარტია“ „სოროსის ფონდიდან“ ფინანსდება და მათი მიზანი რუსეთ-სომხეთის მეგობრულ ურთიერთობებში ბზარის გაჩენაა.

საგულისხმოა, რომ 1921 წელს სსრკ-სა და თურქეთს შორის ქალაქ ყარსში გაფორმებული შეთანხმებით, თურქეთმა სამხრეთ კავკასიაში დამატებითი ტერიტორიები მიიღო, რომელიც მანამდე რუსეთის იმპერიის, საბჭოთა ოკუპაციამდე კი დამოუკიდებელი სომხეთისა და საქართველოს შემადგენლობაში შედიოდა.