“მოვუწოდო ყველას, თავი შეიკავონ ნებისმიერი ქმედებისგან ან განცხადებისგან…”

“მოვუწოდო ყველას, თავი შეიკავონ ნებისმიერი ქმედებისგან ან განცხადებისგან…”

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთში არც ბორდერიზაციის ფაქტი ან სხვა ინციდენტი არ დაფიქსირებულა, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა საზოგადოებას მოუწოდა, რომ საოკუპაციო ხაზთან დაკავშირებით პროვოკაციული განცხადებებისგან თავი შეიკავონ.

„აღნიშნულ მონაკვეთზე არც ბორდერიზაციის ფაქტი ან სხვა ინციდენტი არ დაფიქსირებულა. როგორც ხედავთ, ადგილზე პატრულირებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. მუდმივ კომუნიკაციაში ვართ. მინდა, მოვუწოდო ყველას, თავი შეიკავონ ნებისმიერი ქმედებისგან ან განცხადებისგან, რამაც შეიძლება მოახდინოს სიტუაციის პროვოცირება და საფრთხე შეუქმნას ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს“, – განაცხადა ირაკლი ანთაძემ.

სოციალურ ქსელში დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთთან, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსი სამხედროები იმყოფებოდნენ.

ამასთან, აღნიშნულ ინფორმაციაზე განცხადება გაავრცელა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა. სუს-ის განცხადებით, უწყება არ ადასტურებს, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსი სამხედროების გადმოსვლა არ დაადასტურა არც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ.