გალში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას შესახებ დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც ირკვევა, ის კვირას ნაბაკევში აიყვანეს. სოფლის მოსახლეობა მომხდარზე ასეთ ინფორმაციას ავრცელებს:
"ირაკლი საზღვარზე გადმოდიოდა, როდესაც ის რუსებმა აიყვანეს და ნაბაკევის სამხედრო ბაზაზე გადაიყვანეს, შემდეგ ის სცემეს და ცემის დროს შემოაკვდათ. როდესაც ექიმი გამოიძახეს ნაბაკევის საავადმყოფოდან და მან მოითხოვა ტანზე მისთვის ტანსაცმელი გაეხადათ, რუსებმა უარი განუცხადეს - ალბათ, კვალის დაფარვის მიზნით. შემდეგ გალის პროზექტურაში გადაიყვანეს და როგორც ვიცით აფხაზებიც გაოგნებულნი დარჩნენ, როგორ შემოაკვდათ ადამიანიო. ირაკლის თავი არ მოუკლავს ის რუსებმა მოკლეს" - აცხადებს პრაიმტაიმთან ნაბაკევში მცხოვრები ადგილობრივი.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის, რეზო ქობალიას ინფორმაციით, ირაკლი კვარაცხელიას დაკრძალვას გალის რაიონ სოფელ აჩიგვარაში ითხოვენ.
"გუშინ, გვიან ღამით, ჩემი ინფორმაციით რუსი სამხედროები კვარაცხელიას ნათესავებს ეძებდნენ. გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელია დედის გვარზეა, სინამდვილეში უზარაშვილია. მისი ნათესავები იქ არ ცხოვრობენ. მანამდე ისინი იყვნენ გალში და აჩიგვარაში 5 წლის წინ გადასულან. ახალგაზრდის ცხედარი ლაბორატორიაში გალში ექსპერტიზაზეა გადასვენებული. იქაური ლაბორატორია რამდენად იქნება ობიექტური, ვერ გეტყვით. წითელი ჯვარი, მთავრობა ჩართულია, რომ დროულად გადმოასვენონ ცხედარი და ექსპერტიზაც აქ ჩატარდეს", - ამბობს ქობალია.